პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

წულუკიანი: ბოკერია ამბობდა, თუ გერმანულ მოდელს არ მიიღებთ, ქვეყანაში ქვა ქვაზე არ დაჩებაო

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ბრიფინგზე ეუთო ოდირისი მიერ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის შესახებ დასკვნას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, ოდირი არ არის ის ორგანო, რომელიც კანონების კონსტიტუციურობას ამოწმებს.

"რამდენადაც მე ამ ენას ვფლობ, არსად არ წერია ის რომ ოპოზიციის მიერ გაგზანილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს, რომ ეს ფრაზა ე.წ. კოპი პეისტით ამოიღოს და წინ დაგვიდოს. ამგვარი არ არსებობს", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ოპოზიციასთან გამართულ დახურულ შეხვედრებზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია არეულობით ემუქრებოდა.

"მე დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო ნათქვამი ჩემს მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც, ბატონი ბოკერია მოლაპაკების მაგიდასთან, თითს აქნევდა და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით გერმანულ მოდელს ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმობს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციორობას, დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციორობასა", — ამბობს წულუკიანი. 

ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი ოპოზიციის შეთავაზების საწინააღმდეგოდ ის იყო, რომ ე.წ გერმანული მოდელი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, მის მიღებას კონსტიტუციის ცვლილება და საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდებოდა, ისევე, როგორც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ოპოზიციამ ამის გადასამოწმებლად მოდელი ეუთო/ოდირს გადაუგზავნა ანალიზის ჩასატარებლად.

ეუთო-ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."

დასკვნაში აგრეთვე ნათქვამია, რომ "საერთაშორისო სტანდარტები არ გვთავაზობენ საარჩევნო სისტემების განმარტებას", შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ, მაჟორიტარულ თუ შერეულ საარჩევნო სისტემად, "პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევის საგანია."

ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს".

კომენტარები