ჩინელი ექიმი, რომელმაც კორონავირუსზე ინფორმაცია გაავრცელა, ამავე ვირუსით გარდაიცვალა

ჩინელი ექიმი ლი ვენლიანგი, რომელსაც მაღალჩინოსნებმა ახალი კორონავირუსის საფრთხის შესახებ გაჩუმება მოსთხოვეს, ახალი კორონავირუსით დაავადდა და გარდაიცვალა. 

დეკემბერში ლიმ ჩინურ სოციალურ ქსელში WeChat სამედიცინო სკოლის ჯგუფში დაწერა, რომ ადგილობრივი ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან შვიდი პაციენტი SARS-ის მსგავსი ვირუსით დაავადდა და კარანტინში იმყოფებოდა. SARS კორონავირუსის ტიპის ვირუსია, რომელიც 2003 წელს ჩინეთში გავრცელდა და თებერვლიდან ივლისამდე 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ექიმი ლი ერთერთია იმ რვა ადამიანიდან, ვისაც ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში "არალეგალური და ცრუ" ინფორმაციის გავრცელების გამო პოლიციამ საყვედური უთხრა და გააფრთხილა, ყალბი ამბების გავრცელება შეეწყვიტა. 3 იანვარს ლი აიძულეს, რომ ხელი მოეწერა წერილზე, სადაც მას "სოციალური წესრიგის არევაში" ადანაშაულებდნენ და სასჯელით ემუქრებოდნენ. 

ექიმი ახალი კორონავირუსით მაშინ დაავადდა, როდესაც ვირუსით დაავადებულ პაციენტებს ვუხანის საავადმყოფოში მკურნალობდა. 12 იანვარს ლის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, 1-ელ თებერვალს მას კორონავირუსი დაუდგინდა.

ჩინეთის სამთავრობო მედიამ 6 თებერვალს საღამოს ლის მეგობრებსა და ვუხანის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა. რამდენიმე საათში, დიდი გამოხმაურების შემდეგ, საავადმყოფომ განაცხდა, რომ ის ცოცხალი იყო, თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 7 თებერვალს გამთენიისას საავადმყოფომ მისი გარდაცვალება დაადასტურა.

მის სიკვდილს ჩინეთის სოციალურ ქსელში მთავრობის მიმართ ბრაზი მოჰყვა. BBC წერს, რომ ჩინეთის სოციალურ ქსელში ვეიპო ორი პოპულარული ჰეშთეგი იყო "ჩვენ გვინდა სიტყვის თავისუფლება" და "ვუხანის მთავრობამ ექიმ ლი ვენლიანგს ბოდიში უნდა მოუხადოს". ჰეშთეგებს მალევე დაადეს ცენზურა.

ცნობილმა ჩინელმა დისიდენტმა მხატვარმა და კარიკატურისტმა პატიუცაომ ლი ვენლიანგს პორტრეტი მიუძღვნა წარწერით "მშვიდობით განისვენე ექიმო, შენ გმირი ხარ".

Amnesty International-ის დირექტორმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ნიკოლას ბეკელინმა განაცხადა, რომ ლის სიკვდილი იყო ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ჩინეთის მიერ სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩახშობას იწვევდა.

ქვეყნის ანტიკორუფციულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ექიმ ლისთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოძიებას დაიწყებდნენ.

------------------------------------------

დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 638 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 634 კონტინენტურ ჩინეთში, 1 ჰონგ-კონგში და 1 ფილიპინებში. გამოვლენილია დაავადების 31 523 შემთხვევა, მათ შორის, 100-ზე მეტი შემთხვევა კონტინენტური ჩინეთს გარეთ. ამჟამინდელი ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 749 ადამიანი.

გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხუპეის პროვიცნიის თითქმის ყველა ქალაქში და ჩინეთის სხვა ქალაქებში სატრანსპორტო შეზღუდვები დააწესეს.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. არაერთმა ქვეყანამ ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

"ზოგჯერ კორონავირუსები, რომლებიც ცხოველებს აავადებენ შესაძლოა განვითარდეს, ადამიანის დაავადება გამოიწვიოს და ადამიანის ახალი კორონავირუსი წარმოქმნას. ამის სამი უკანასკნელი მაგალითია 2019-nCoV, SARS-CoV და MERS-CoV," - ვკითხულობთ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის (CDC) ვებგვერდზე.

ვუხანში ეპიდემიოლოგების გამოძიებით ახალი კორონავირუსი ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა, სადაც პაციენტთა უმეტესობა მუშაობდა ან ბაზარს სტუმრობდა. ბაზარი დეზინფექციის გამო დახურეს. ბაზარში არალეგალურად იყიდებოდა ცოცხალი ბაჭიები, გველები და სხვა გარეული ცხოველები. 

ახალი კონონავირუსით დაავადებულთა შემთხვევები ძირითადად ხასიათდებოდა სიცხით და ფილტვის ორმხრივი ინფლირტაციით, მაგრამ სრული კლინიკური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია. ზოგადად, კორონავირუსებისთვის რეკომენდირებული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, გარდა საჭირო დახმარების აღმოჩენისა.

28 იანვარს ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომებისგან, მაგალითად დაბალი ტემპერატურისგან განკურნვა 1 კვირაში შესაძლებელია. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 23 იანვრის ინფორმაციით, ახალი ვირუსით დაავადებით შემთხვევების სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 4 % (557 დაავადებულიდან 17 დაღუპული). დაავადებულთა 25%-ის მდგომარეობა იყო მწვავე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ გამოკვეთილა კონკრეტული რისკ-ჯგუფები, ახალი ვირუსით მეტწილად შუახნის ან ასაკოვანი ადამიანები ავადდებიან.

კომენტარები