ევროპული საქართველო

ბოკერია სააკაშვილის მიმართვაზე: ჩვენ გვაქვს გეგმა, შეხვედრები ლეიბორისტებთან გაგრძელდება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ კონკრეტული გეგმა, პროპორციული არჩევნების თაობაზე შეხვედრები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმართება და ეს ასეც გაგრძელდება.

გიგია ბოკერიამ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის პასუხად ისაუბრა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართვაში თქვა, რომ პირველი მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე "საკუთარ შტაბს" ხსნის და "კიდევ უფრო ფართო კონსულტაციების" სურვილი გამოთქვა. "ყველას გელოდებით ჩემთან" - თქვა მან.

ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილი მას ან ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებს არ დაკავშირებია:

"ევროპულ საქართველოს, თავისუფალ დემოკრატებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს გეგმა და ხედვა განსაზღვრული გვაქვს - ვაგრძელებთ მშვიდობიან, მაგრამ მწვავე საპროტესტო აქციებს - პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის. მზად ვართ ცუდი სცენარისთვისაც და მოვახდენთ კოორდინაციას მაჟორიტარულ ოლქებში. 

ბატონი სააკაშვილი ან ვინმე სხვა რამე ინიციატივით გამოვა თუ არა, ეს მათი და მათი პოლიტიკური გუნდების გადასაწყვეტია. სხვადასხვა თემებზე შეიძლება იყოს რაღაც საკითხებზე კოორდინაცია, მაგრამ პროპორციულ არჩევნებზე კოორდინაცია და შეხვედრები ხდება ლეიბორისტული პარტიის ოფისში და ასე გაგრძელდება. ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს წინ და იმაზე ვფოკუსირდებით," - ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრების ფორმატი დასახული ამოცანისთვის "კარგად მუშაობს", სააკაშვილის მხრიდან ალტერნატიული მოლაპარაკების მაგიდის შემოთავაზებაზე კი უმჯობესია, კითხვები მასვე დაუსვან.

ბოკერიასვე თქმით, საჭიროების შეთხვევაში, ადგილთან (ბიბლიოთეკასთან) დაკავშირებით რაიმე "ცრურწმენა" არ აქვს, მაგრამ "ასე უბრალოდ" იქ შეკრება არარეალისტურია:

"გააჩნია რა საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ისე უბრალოდ მოდით ბიბლიოთეკაში, ეს არ მესმის. გირჩს აქვს ძალიან კარგი ინიციატივა კონკრეტულ თემაზე - მართლმსაჯულებაზე დისკუსიების, რომელსაც შევუერთდით. თუ რამე არის ისეთი, სადაც საჭიროებას დავინახავთ, არანაირი ცრურწმენა არ მაქვს რომელიმე ადგილთან დაკავშირებით. მაგრამ ასე, რომ ახლა იქ უნდა მივიდეს ყველა, ეს რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია რეალისტურად,” - ამბობს ბოკერია.

მიმართვა სააკაშვილმა 8 თებერვალს გაავრცელა:

"პირველი მარტიდან, 'სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის' ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა," - ამბობს სააკაშვილი.

 

კომენტარები