გიგი უგულავას საქმე

უგულავა: არ იქნება არავითარი ვაჭრობა, საპროცესო შეთანხმებები და ბრალის აღიარებები

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა, რომლის საქმეზეც უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ხვალ, 10 თებერვალს უნდა გამოაცხადოს, ამბობს, რომ თუ ივანიშვილს სურს ის პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩართოს, მას იმედს გაუცრუებს - არანაირ ბრალს არ აღიარებს, არც ვაჭრობაში შევა და არც საპროცესო შეთანხმებას დათანხმდება.

“ივანიშვილი, ბუნებით ქორვაჭარი, ბუნებრივია, შესაძლოა, ასე უდგებოდეს საკითხს. მინდა იმედი გავუცრუო, არანაირი ვაჭრობა, არანაირი საპროცესო შეთანხმებები და ბრალის აღიარებები ხელისუფლებასთან არ იქნება, არანაირი დაგიჭერ და მერე 100/50-ზე [საარჩევნო სისტემა] დათანხმდი – არ იქნება”, – განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში.

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

უგულავას დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო უგულავას თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის.

 

კომენტარები