გიორგი რურუას საქმე

კახიძე: რურუას დევნა მთლიანად პოლიტიკურია, ვინც მის მიმართ კანონს არღვევს, დაისჯება

გიორგი რურუა
მთავარი არხი

ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მთლიანად პოლიტიკური ხასიათისაა, რის გამოც ყველა, ვინც მის მიმართ უკანონო ქმედებებში მონაწილეობს, დაისჯება.

"გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსის. ყველა ის პირი, ვინც რამე ფორმით მონაწილეობს ამ უკანონო მოქმედებებში, თავად სჩადის დანაშაულს და აუცილებლად მოეთხოვება პასუხი - მას, ვინც იარაღის ჩადების ბრძანება გასცა, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და შემდეგ შექმნა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები ექსპერტიზების, დნმ-ის, ანაბეჭდის ა.შ. ყველა პირი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, ხოლო გიორგი რურუა გათავისუფლდება და იქნება რეაბილიტირებული.",- თქვა კახიძემ.

დეპუტატი მთავარი არხის მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა, რომელშიც ჩანს, რომ გამოძიებამ რურუას საკნიდან დნმ-ის ნიმუში ძალის გამოყენებით ამოიღო. ასევე, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში არ ჩანს, რომ გამომძიებლები ოქმს ავსებენ, რაც ადასტურებს, რომ გამოძიებამ კანონი დაარღვია.

გიორგი რურუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

31 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომლის არგუმენტსაც რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენა ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკი წარმოადგენდა.

რურუას ადვოკატი კი ამბობდა, რომ დაკავების დროს მას არც მიმალვა უცდია და არც მოწმეებზე ზემოქმედება.

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, გიორგი რურუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან იყო დაკავშირებული და მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.

კომენტარები