გიგი უგულავას საქმე

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტაბულა

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, უგულავას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, გადაწყვეტილება აღსასრულებლად უკვე გადაგზავნილია. გიგი უგულავას სავარაუდოდ დღესვე დააკავებენ.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის საქმეს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია (შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი) განიხილავდა. 

"გ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის (მითვისება/გაფლანგვა) მე-2 ნაწილის „დ“ ( სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა" - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. 

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა ოპოზიციის მწვავე პროტესტისა და აქცია-პიკეტების ფონზე განახლდა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 

იურისტები ტაბულასთან საუბარში განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ნამდვილად აყენებს მოსამართლე თადუმაძის მიუკერძოებლობას ეჭვის ქვეშ. 

კომენტარები