არჩევნები 2020

ბოკერია: უმრავლესობისთვის საჭირო უნდა იყოს 40%-ზე მეტი და მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოგება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის შეხვედრაზე მისმა პარტიამ გამოსავალის მოსაძებნად ახალი საკითხი დააყენა. ბოკერია ამბობს, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივით, უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად პარტიას უნდა სჭირდებოდეს 40%-ზე "არსებითად მაღალი" მხარდაჭერის მიღება და მაჟორიტარების უმრავლესობის მოგება.

"ჩვენ ვთავაზობთ მყარ პრინციპს - არსებითი უპირატესობა უნდა ჰქონდეს პარტიას, 40%-ზე არსებითად მაღლა უნდა იყოს მისი მხარდაჭერა და უნდა მოიგოს მაჟორიტარების დიდი ნაწილი, ამ შემთხვევაში ექნება შანსი უმრავლესობის ჩამოყალიბების. ეს არის პრინციპი და თუ მაინცდამაინც ციფრებში უნდა გადავიყვანოთ, ეს არის 130 პროპორციული ადგილი და 20 - მაჟორიტარი. ეს საკითხი დავსვით ოპოზიციასთან, წინასწარი განწყობა არის პოზიტიური" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ეს მოდელი ხელისუფლების არგუმენტს, რომ კრიზისი იქნება და მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება, გამორიცხავს.

"ეს არსებითი ნაბიჯია პროპორციულობისკენ, არ არის იდეალური და არის აშკარა კომპრომისი, ოღონდ, არა საზოგადოების ხარჯზე... ეს არის პასუხი მათ შორის სანახევროდ ხელოვნურად შექმნილ არგუმენტზე, რომ კრიზისების გვეშინიაო" - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერის აზრით, ხელისუფლების შეთავაზებული მოდელი - 100/50 - დღევანდელი მოდელისგან არსებითად არ განსხვავდება.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ძალა, რომელსაც ექნება უმრავლესობის შექმნის შანსი, უნდა იყოს სერიოზული უპირატესობის მქონე და უნდა შეძლოს მაჟორიტარების უმრავლესობის მოგება" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნები ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

"ხოლო თუ შეთანხმებაზე არ წამოვლენ, ყველა ვადამდელი არჩევნები 2020 წლის შემდეგ, იქნება მთლიანად პროპორციული" - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეხვედრაზე უკვე დაიწყეს აქტიური კონსულტაციები "ცუდი სცენარის შემთხვევაში" თბილისში მაჟორიტარებთან დაკავშირებით.

კომენტარები