გიგი უგულავა

კანდელაკი უგულავას დაკავებაზე: გვახსოვს ასლან აბაშიძის დასასრული, ივანიშვილიც მისი მსგავსია

ტაბულა

გიორგი კანდელაკი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ასლან აბაშიძის მმართველობას ადარებს და ამბობს, რომ გიგი უგულავას დაკავება ის ზღვარია, საიდანაც უკან დასახევი გზა არ არსებობს

"ყველას გვახსოვს ასლან აბაშიძის დასასრული, ივანიშვილი ძალიან ჰგავს ასლან აბაშიძეს, არაფრით განსხვავდება მისგან. დღეს გადაილახა წერტილი, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება არის შეუძლებელი. ეს სიტუაცია მხოლოდ ასუსტებს ქართულ ოცნებას, ეს არის სუსტის პოზიციიდან გადადგმული ნაბიჯი. აგერ ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, უარესად დაზარალდება. ივანიშვილის კლოუნი მოსამართლეების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მათ უარესად დააზარალებს და დასასრულს უფრო დრამატულს გახდის. ეს ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ისე დიდი დროა დარჩენილი არჩევნებამდე, როცა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება", - თქვა კანდელაკმა მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები