პრესსამსახური: პრეზიდენტი ელჩებთან განიხილავს, რა შეიძლება გააკეთოს დიალოგის გასაახლებლად

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯის გამო, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი აღარ გაიმართება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს დაუკავშირდება, რათა განიხილოს, თუ რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა დიალოგის განახლებისთვის. 

დღეს, 12 თებერვალს, ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ მას და კოლეგებს ევროკავშირიდან უგულავას განაჩენის გარემოებებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მისივე თქმით, უგულავას განაჩენი პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს.  

გუშინ, 11 თებერვალს, აშშ-ის საელჩომ იმედგაცრუება გამოთქვა გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს ცნობით, "დიალოგი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას მოითხოვს".

ევროპარლამენტარის, ნაჩოს სანჩეს ამორის თქმით კი "უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში."

უგულავასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "საქმის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას".

იმაზე, რომ ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებას გეგმავდა, ისიც მოწმობს, რომ 10 თებერვალს, უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20. 

კომენტარები