ბაქრაძე პრეზიდენტზე: ან გამოიყენოს შეწყალების ინსტრუმენტი, ან თავი დაანებოს ფარისევლობას

"თუ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი - ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება", - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზურაბიშვილი ელჩებთან განიხილავს, თუ რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის გასაახლებლად.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, ქართულმა ოცნებამ გიგი უგულავას დაპატიმრებით პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა მოკლა.

"თუ ის ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ, თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობას, მოწოდებებს. ან ჩაერთოს სრულფასოვნად პროცესში როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს", - ამბობს ბაქრაძე.

სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგთან დაკავშირებით ფასილიტატორ ელჩებს დაუკავშირდება, რათა განიხილოს, თუ რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა დიალოგის განახლებისთვის.

ცნობისთვის, ის, რომ ოპოზიცია უმრავლესობასთან დიალოგის გაგრძელებას გეგმავდა, ისიც მოწმობს, რომ 10 თებერვალს, გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20.

კომენტარები