თემურ აბაზოვის საქმე

ბაქრაზე აბაზოვზე: "ოცნების" ჟესტია, მათ ერთგულს ამორალური, ამაზრზენი დანაშაულიც ეპატიება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის გამართლებას ეხმაურება. მისი თქმით, აბაზოვის გამართლება აჩვენებს, რომ "ოცნების" ერთგულ ადამიანებს "ამორალური, ამაზრზენი დანაშაულიც ეპატიებათ." 

აბაზოვს ბრალად არაადამიანური მოპყრობა ედებოდა, მან მისი ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის ალახვერდიევს სახეზე შარდის წასმა აიძულა. 

ბაქრაძის თქმით, აბაზოვის მიერ ჩადენილი დანაშაული "განსაკუთრებით შემზარავი და ამაზრზენი ტიპისაა", რადგან, მისივე თქმით, აბაზოვმა ადამიანი განსაკუთრებული ფორმით დაამცირა.

"მისი პატიება ქართული ოცნების დემონსტრაციული ნაბიჯი და ჟესტია, რომ თუ იქნებიან ერთგული და მათი მომხრე, თუ ისარგებლებენ პრივილეგიით, რასაც ამ ქვეყანაში არაფორმალური მმართველის ნაცნობობა გაძლევს, ასეთ შემთხვევაში გეპატიება ნებისმიერი, ყველაზე ამორალური და ამაზრზენი დანაშაულიც კი",-ამბობს ბაქრაძე მთავარ არხთან ინტერვიუში. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აბაზოვი გუშინ, 12 თებერვალს გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა მასთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.  

როგორც აბაზოვი ამბობს, სასამართლოს მიერ მის გამართლებას ელოდა. რაც შეეხება გამართლებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირს, მარნეულის ყოფილი მერის მტკიცებით, ივანიშვილი "ასეთ თემებში არ ერევა".

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". აბაზოვი იმავე წლის 13 ივნისს დააკავეს.

2018 წლის 10 დეკემბერს მას პატიმრობის ნაცვლად 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პატიმრობიდან გათავისუფლებიდან მალევე აბაზოვი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

კომენტარები