საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირის და საქართველოს ასოცირების კომიტეტი საერთო განცხადებაზე ვერ შეთანხმდა

ოთარ კახიძე

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

ევროპარლამენტის დასავლელი დეპუტატებისთვის და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი იყო ქართული ოცნების მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტი, ამიტომ კომიტეტს შესწორებები შესთავაზა, რომელსაც, თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი.

უფრო კონკრეტულად:

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაციის წევრია, ყვება, რომ ტექსტი, რომელიც ასოცირების კომიტეტის სხდომების დასრულების შემდეგ ქართული ოცნების მხარემ შეიმუშავა, სრულად იქნა უარყოფილი, ვინაიდან მასში საერთოდ არ იყო ნახსენები საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, საუბარი იყო პროგრესზე დემოკრატიის თვალსაზრისით და აღნიშნული იყო, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია.

კახიძის თქმით, მან და სალომე სამადაშვილმა, რომელიც ასევე დელეგაციის წევრია, ტექსტის შინაარსი გააპროტესტეს და მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ტექსტში ცვლილებები წარმოადგინეს.

"ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავს ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს: ავთანდილ წერეთელი, ნიკა გვარამია, გიორგი რურუა, ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს ფორმულას დირექტორის, გუმბარიძის საქმეზე, 20 ივნისის ამბები, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება, სასამართლოში მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესები.", - ამბობს კახიძე.

სწორედ ამ ცვლილებების დეკლარაციაში შეტანას დაუჭირა მხარი ევრიპარლამენტარების უმრავლესობამ.

კახიძის თქმით, ტექსტის მიღება ორმხრივი კენჭისყრით ხდება - მას ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობა განიხილავს და კენჭს უყრის, შემდეგ საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობა კენჭს უყრის. ცვლილების მიღებისთვის ორივე მათგანის მხარდაჭერაა საჭირო.

დეპუტატი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის შესწორებები ჩააგდო, თუმცა, ევროპარლამენტარების უმრავლესობამ თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა, ოპოზიციის შესწორებების საპასუხოდ "ოცნების" მიერ მომზადებულ ცვლილებებს კი კომიტეტმა უარით უპასუხა.

დეპუტატი ყვება, რომ ამის შემდეგ ევროპარლამენტარების მიერ მომზადებული შესწორებების განხილვა დაიწყო.

"ევროპარლამენტარები ამ კომიტეტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები, როგორც კონსერვატორები, ისე EPP, მწვანეები და სხვები. საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა მმართველ გუნდს უარი უთხრა.

ეს არის უპრეცედენტო ამბავი, ჩვენი გამარჯვება და ქართული ოცნების სრული კრახი. ეს მოხდა პირველად. თან, ქართული ოცნება თავისი დელეგაციის გარდა, წარმოდგენილი იყო პარტიის ლიდერშიფით, აქ იყვნენ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. ისინი მართავდნენ შეხვედრებს და ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტარები რაღაცაში დაარწმუნეს. ეს ივანიშვილისთვის არის კიდევ ერთი გაფრთხილება, ეს ადამიანი მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ. საქართველოს მეგობრები და პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და პარტნიორები. ქვეყნის გულშემატკივრები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და მით უმეტეს, ოლიგარქის, რომელსაც სახელმწიფო ყავს მიტაცებული", - თქვა კახიძემ.

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში ევროპარლამენტარებმა უპრეცედენტოდ ბევრი, 40-მდე შესწორება შეიტანეს.

"ქართულმა ოცნებამ" არ დაუჭირა მხარი არცერთ შესწორებას, რომელიც წარადგინეს ევროპარლამენტის წევრებმა კომიტეტის საბოლოო დეკლარაციის მისაღებად. ევროპარლამენტის წევრებმა კი მხარი დაუჭირეს ყველა შესწორებას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ერთ მხარეს აღმოჩნდა საქართველოს ოპოზიცია და ევროპარლამენტი, მეორე მხარეს – ბიძინა. დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა.

საქართველოს დღეს პირველად ყავს ხელისუფლება, რომელსაც უბრალოდ არ ადარდებს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნას", - თქვა მან.

რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას - დავით სონღულაშვილმა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ტექსტის ერთ-ერთი ავტორია, რეზოლუციის პროექტის ჩაგდებას "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას - დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს ანტისახელმწიფოებრივია", - თქვა სონღლაშვილმა.

დეკლარაციის მიღება ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომების დასრულების შემდეგ, წელიწადში ორჯერ ხდება. ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტი  საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს განიხილავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით.

კომენტარები