საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის მიერ დაგეგმილ კრებაზე არ ჩავა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის მიერ დაგეგმილ კრებაზე, სადაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი უნდა განეხილათ, ჩასვლას არ აპირებს. 

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ წერილი უკვე მიწერა თეოფილე III-ს, რომლის ასლსაც მამა ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე ავრცელებს.

კრება იორდანიაში, ქალაქ ამანშია დაგეგმილი. აღიარებული მოსაზრებით, ეკლესიათა შორის არსებულ პრობლემებზე სამსჯელოდ ეკლესიის პირველიერარქთა და მათი წარმომადგენლების მიწვევა მსოფლიო პატრიარქის პრივილეგიაა, თუმცა, საპატრიარქო არჩასვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ სხვა ეკლესიები ჩასვლას არ გეგმავენ. 

"ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და, ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ. ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან,"- წერია პატრიარქ ილია II-ის წერილში. 

წერილი, რომელიც თეოფილე III-ს ილია II-მ გაუგზავნა, 7 თებერვლითაა დათარიღებული. 

იერუსალიმის პატრიარქმა კრების მოწვევა რუსეთში ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა და მის მოწვევას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უმწვავესად ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა კონსტანტინოპოლთან და ყველა ეკლესიასთან, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. 

კომენტარები