არჩევნები 2020

თალაკვაძე: თუ ოპოზიცია 100/50-ზე მოდელს არ დათანხმდება, ე.ი მხარს უჭერს დესტაბილიზაციას

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება მანდატების 100/50-ზე განაწილების შესახებ, ეს იქნება სიგნალი, რომ ისინი მხარს უჭერენ დესტაბილიზაციას და არიან დესტრუქციულები.

"ჩვენ ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შევთავაზეთ კარგი პროპორციები - 100/50-ზე. შევთავაზეთ სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობას ეხება. ეს არის ტესტი ოპოზიციისთვის. თუ ის ვერ შეძლებს დიალოგში დაბრუნებას და ამ ფარგლებში ჩვენთან განხილვის და შეთანხმების მიღწევას, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის არის დესტრუქციული და მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციას.

ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ძალები დიალოგის მაგიდას დაუბრუნდებიან და ჩვენ შევძლებთ გარკვეულ წესებსა და პირობებზე შეთანხმებას", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ამით ხელისუფლებამ დიალოგის რესურსი ამოწურა.

თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის კომპრომისული ვარიანტის შეთავაზებას გეგმავდა - ისინი ფიქრობდნენ, რომ მმართველ გუნდს მანდატების ასე განაწილებას შესთავაზებდნენ - 130 მანდატი პროპორციული წესით, 20 მანდატი - მაჟორიტარულით.

მანდატების 100/50-ზე განაწილება ხელისუფლებამ ოპოზიციას 2019 წლის 20 დეკემბერს, მოლაპარაკების მე-4 რაუნდზე შესთავაზა. ოპოზიციამ მასზე უარი თქვა.

თავის მხრივ, ხელისუფლება უარს ამბობს, არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩაატაროს, რომელიც მაჟორიტარული სისტემაა, მაგრამ მანდატების უფრო სამართლიანად გადანაწილებას გულისხმობს.

მოლაპარაკებები და საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქარულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება უკან წაიღო და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

გადაწყვეტილებას მოქალაქეების და ოპოზიციის საპროტესტო აქციები, ასევე, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული წერილები მოჰყვა.

კომენტარები