სამხრეთ ამერიკა

ვენესუელამ ახალი ფულის დაბეჭდვა რუსულ კომპანიას დაუკვეთა

ნიკოლას მადურო და ვლადიმირ პუტინი
Reuters

ვენესუელას ცენტრალურმა ბანკმა 300 მილიონი ახალი ბანკნოტის შეკვეთა რუსულ კომპანია გოზნაკს მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს. საუბარია ვენესუელის განახლებულ ფულად ერთეულზე, ე.წ. სუვერენულ ბოლივარზე, რომლის დაბეჭდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გასული წლის ნოემბერში გაფორმდა. 

გარიგების მიხედვით, აღნიშნულ მომსახურებაში რუსული კომპანია 6,8 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დასაბეჭდი ფულის ნომინალური ღირებულება დაახლოებით 143 მილიონი დოლარია. 

ე.წ. სუვერენული ბოლივარი ვენესუელას ცენტრალურმა ბანკმა ფაქტობრივად სრულად გაუფასურებული ე.წ. ძლიერი ბოლივარის სანაცვლოდ შემოიღო. განხორციელდა ძველი ბანკნოტების ჩანაცვლება ახლით. მიღებული ზომების მიუხედავად, ახალი ვალუტის კურსი მალევე გაუფასურდა. ამჟამად 50 ათასი სუვერენული ბოლივარის ღირებულება 60 ცენტია. 

გასულ წელს ინფლაციამ ვენესუელაში 9500%-ს გადააჭარბა. 2019 გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ვენესუელას ცენტრალურ ბანკს ბრიტანული კომპანიის De La Rue-ს ვალი აქვს. ფულის დაბეჭდვის საფასური ქვეყანამ მასზე დაკისრებული სანქციების გამო ვერ მოახერხა. 

რუსული კომპანია გოზნაკი სხვადასხვა დროს იგივე მომსახურებას უწევდა, სირიის, ლიბიის, ლიბანის, გვატემალის და იემენის ხელისუფლებას. ვენესუელაში 2016 წლიდან მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ამ დროიდან მოყოლებული შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო ქვეყანა 3 მილიონამდე მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები