აშშ-საქართველო-რუსეთი

პომპეო: საქართველოზე რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას ვგმობთ, მათ ეს უნდა შეწყვიტონ

Getty Images

აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას - გასული წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ პირობას დებს საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და "მავნე კიბერ აქტორებთან" ბრძოლაში დაეხმარება:

"საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა.

პომპეო წერს, რომ ამ ინციდენტმა, პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე და შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია.

"ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა," - ვკითხულობთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ოფიციალურ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, რომ საქართველოში და სხვაგან მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს - "კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში".

20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

კომენტარები