კიბერშეტევა რუსეთიდან

გაერთიანებული სამეფო რუსეთის "გრუს" მიერ საქართველოზე ჰაკერულ თავდასხმას გმობს

0 კომენტარი

გაერთიანებული სამეფო რუსეთის “გრუ”-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

უფრო კონკრეტულად, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრი (NCSC) ადგენს, რომ “გრუ” - ძალიან დიდი ალბათობით (95 % +) პასუხისმგებელია საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ ვებგვერდების სახეცვლილებაზე, კიბერშეტევებზე და ტელეარხების საქმიანობის შეფერხებაზე.

ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დასკვნისა და ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა პასუხისმგებლობას სწორედ “გრუ”-ს აკისრებს.

"ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების ვებ გვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა.

ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორციელებული კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად", - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა:

„გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.

რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას “გრუ”-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.

გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველო, გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორია. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს მთელ რიგ პროექტებს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ყოველწლიური, მაღალი რანგის, ორმხრივი თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი საშუალებას გვაძლევს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებით მადლობელია საქართველოსი, იმ მტკიცე მხარდაჭერის გამო, რომელიც 2018 წელს სოლსბერიში განხორციელებული თავდასხმის შედეგად მივიღეთ, მათ შორის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან მუშაობაში".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები