რუსული კიბერთავდასხმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს რუსეთის ჰაკერულ თავდასხმას საქართველოზე

Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას.

საუბარია 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე, როცა 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

"ასეთი ქმედებები თესავს დაყოფას, ქმნის დაუცველობის განცდას და აკნინებს დემოკრატიულ ინსტიტებს," - ნათქვამია განცხადებაში - "აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქცევა საქართველოში და სხვაგან."

განცხადებაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ აშშ საქართველოს და ქართველ ხალხს "უცხადებს მხარდაჭერას მათი კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და მავნე კიბერაქტორებთან დაპირისპირებაში."

ამასთან, აშშ საქართველოს კიბერუსაფრთხოების დაცვაში ტექნიკურ დახმარებას პირდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიბერ-თავდასხმის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდა. სამინისტროს ცნობით, გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია.

"ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ." ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები