ახალი კორონავირუსი

კორონავირუსის გამო, საქართველოს მთავრობამ ირანთან ფრენები შეზღუდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საქართველოს მთავრობამ ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფრენები შეზღუდა.

"როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს.

აღნიშნულის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით" , - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით.

"საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც. საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი)",- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 43 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი. ეს კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაფიქსირებულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები