ბორის ნემცოვი

პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს ბორის ნემცოვის სახელი დაერქმევა

Getty Images

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის საბჭომ მხარი დაუჭირა პოლიტიკოსების ჯგუფის ინიციატივას რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისათვის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევის თაობაზე.

მისი სახელწოდება ამ დრომდე იყო "მოედანი წაბლების ქვეშ", თუმცა დღეიდან მოკლული რუსი ოპოზიციონერის სახელს ატარებს.

სახელის შეცვლის ოფიციალური ცერემონია 27 თებერვალს, ნემცოვის მკვლელობიდან 5 წლისთავზე გაიმართება.

2018 წელს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ვილნიუსის საბჭომაც. ლიტვის დედაქალაქში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა.

ამავე წელს კოლუმბიის ოლქის საბჭოს გადაწყვეტილებით ვაშინგტონში ქუჩას, რომელიც რუსეთის საელჩოს პირდაპირ მდებარეობს ბორის ნემცოვის სახელი ეწოდა.

ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

კომენტარები