კორონავირუსის გამო, საქართველოს საზღვრებზე ირანში ნამყოფ მგზავრებსაც შეამოწმებენ

ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს საზღვრებზე ჩინეთის გარდა, ირანში ნამყოფ მგზავრებსაც შეამოწმებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საქართველოს საზღვრებზე ჩინეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე მგზავრებს უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, ეპიდემოლოგიის კონსულტაცია, ეძლეოდათ შესაბამისი რჩევა-დარიგებები თვითიზოლაციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს გავრცელდება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებზეც. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, იგივე ღონისძიების დაწყებაზე, სხვა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებზეც. შესაბამის გადაწყვეტილებას, ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც მივიღებთ" - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები 23 თებერვალს შეზღუდა.  ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ამ ეტაპზე გადაადგილებისთვის რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვას.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 43 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი. ეს კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაფიქსირებულა.

კომენტარები