გეგმა B - რა ამოცანა აქვს და როგორ შეირჩევიან მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები

ევროპული საქართველო

ოპოზიციური პარტიები გეგმა B-ზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ ქართული ოცნება არჩევნებს არსებული, შერეული საარჩევნო სისტემით ჩაატარებს. პარტიები საერთო მიზნებსა და ბრძოლის გზებზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო. 

გეგმა B შემდეგში მდგომარეობს - თბილისსა და რეგიონებში საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატებს დააყენებენ. ოპოზიციური ლიდერების განმარტებით, ასე მეორე ტურის შანსი გაცილებით მცირდება. 

როგორ მოხდება საერთო კანდიდატებზე შეჯერება? 

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია განმარტავს, რომ კონკრეტულ ოლქში რომელი ოპოზიციის წარმომადგენელსაც მეტი შანსი ექნება, რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის თეორიული კანდიდატი, სწორედ ის იქნება წარდგენილი ოპოზიციის საერთო კანდიდატად. 

"ამას განვსაზღვრავთ საღი აზრის მეშვეობით, იმ კვლევების, რაც უკვე გვაქვს და თუ საჭირო იქნება, კიდევ ჩავატარებთ კვლევებს და ერთმანეთთან კონსულტაციებს. გარწმუნებთ, რომ ბევრ შემთხვევაში სურათი იმდენად ნათელია, რომ ამის შერჩევა ბევრ პრობლემას არ შექმნის," - ამბობს ბოკერია ტაბულასთან საუბარში. 

გიგა ბოკერიას განმარტებით, კანდიდატების შერჩევა და დაყენება კონკრეტული პოლიტიკური ძალის ელექტორალური მხარდაჭერის მიხედვით არ განისაზღვრება და ეს პიროვნების პირად მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული. 

ოპოზიციური ლიდერის თქმით, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მეტი რესურსი აქვს და შესაბამისად, მეტი ელექტორალური მხარდაჭერა, უფრო მეტი ისეთი ფიგურა ეყოლება, რომელსაც ოპოზიცია ქართული ოცნების კანდიდატის საპირწონედ წარადგენს, თუმცა ეს არ არის შერჩევის პრინციპი. 

"არავინ, არც დიდი პარტიები, არც საშუალო, არც პატარა ამ პრინციპით არ უდგებიან, რომ რაღაც რაოდენობის კვოტა მიეცეთ იმიტომ, რომ ეს არ არის კავშირში იმ მთავარ ამოცანასთან, რაც ივანიშვილის პირველივე ტურში დამარცხებაა,"- განმარტავს ბოკერია. 

რა მიზანი და ამოცანა აქვს ამ სტრატეგიას? 

ევროპული საქართველოს ლიდერი განმარტავს, რომ ოპოზიციის ასეთ სტრატეგიას ორი მთავარი და ურთიერთდაკავშირებული ამოცანა აქვს, რომელთაგან პირველი ეხება იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მოახერხონ ივანიშვილის პირველივე ტურში დამარცხება, რადგან მეორე ტური "ყოველთვის ოლიგარქის უპირატესობაა". ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ მეორე ტურში პროპაგანდის მეშვეობით საპროტესტო ამომრჩევლის რაღაც ნაწილის სახლში დატოვება ივანიშვილისთვის შესაძლებელია, რადგან პოლიტიკური ძალა, რომელსაც ესა თუ ის ამომრჩეველი გულშემატკივრობდა, შესაძლებელია, თამაშს გამოეთიშოს. 

ბოკერია პარალელს ავლებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან, როდესაც ხელისუფლების მთავარი საარჩევნო მესიჯ-ბოქსი ის იყო, რომ თუ თავად წააგებდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. 

"ამის გამოსარიცხად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები პირველ ტურში დამთავრდეს. პროპორციული ნაწილი ისედაც დამთავრდება და იქ ივანიშვილი წააგებს, თანაც არსებითად. უკვე ნათელი იქნება პირველი ტურის მერე, რომ ის დამარცხდა". 

რაც შეეხება სტრატეგიის მეორე ამოცანას, ეს შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში მაქსიმალური პროპორციულობის მიღწევაა. ბოკერია ამბობს, რომ ამ მეთოდით ოპოზიციური პარტიები იმ დაკვეთას შეასრულებენ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასცა, მაგრამ არ შეასრულა. 

"აქ ის კი არ იქნება, რომ ერთი ძალა მეორე ტურში თუ არის, ან ორი ძალა, ოლქებში ისინი მოუგებენ ივანიშვილს - არა, ოპოზიციის მთელი სპექტრია განაწილებული და ვერცერთი ძალაივანიშვილის დამარცხების შემდეგ დიდ უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ეს გამოხატავს ამომრჩევლის ნებას". 

კომენტარები