საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია

99 წლის წინ - როგორ მოხდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია 1921 წლის 25 თებერვალს

0 კომენტარი

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, გადასახლება და პატიმრობა მოჰყვა. 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია სამოცდაათი წელს გაგრძელდა. თუმცა, საქართველოს სუვერენიტეტი მარტივად არ დაუთმია - ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო ოპერაცია და თავგანწირული ბრძოლა უძღოდა.

საქართველოზე შეტევისთვის საბჭოთა რუსეთი 1920 წლის გაზაფხულიდან, აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ ემზადებოდა.

11-12 თებერვლის ღამეს ლორეს ნეიტრალურ ოლქში განთავსებულ ქართულ ჯარებს თავს დაესხა ბოლშევიკების მიერ წინასწარ მომზადებული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და მე-11 არმიის შენაერთების ნაწილი, თუმცა ისინი ამ ფაქტს უარყოფდნენ.

16 თებერვალს სოფელ შულავერში საქართველოს რევკომმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და დახმარებისთვის საბჭოთა რუსეთს მიმართა. იმავე დღეს მდინარე ხრამთან წითელი არმია ქართულ ძალებს ზურგში მოექცა და მძიმე დარტყმა მიაყენა. ქართველებმა თბილისისკენ უწესრიგოდ დაიხიეს. ამავე დღეს მე-11 არმის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი ზაქათალის ოლქშიც გადმოლახეს.

16 თებერვალს ილია ოდიშელიძე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ შეცვალა - ნოე ჟორდანიამ თბილისის დაცვა სწორედ მას დაავალა. მანამდე კვინიტაძემ თავი საქართველო-სომხეთის ომში, 1919 წელს სერვერ ბეგის, 1920 წლის მაისში კი - საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში გამოიჩინა.

გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართველ და გერმანელ სამხედროებთან ერთად, 1918 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. ფოტო: mod.gov.ge

მე-11 არმიის სარდალმა, ანატოლი გეკერმა მოსკოვისაგან ბრძანება მიიღო – თბილისი 19 თებერვლამდე აეღო.

გენერალმა კვინიტაძემ ჯარები სამად დაჰყო: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორხევის მიმართულება სახალხო გვარდიას ეკავა გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით.

მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის ფრონტზე, გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ძირითადი ძალები განლაგდა, ტაბახმელა-კოჯრის მონაკვეთზე – სამხედრო სკოლის 160 იუნკერი და 300-მდე კადეტი გვარდიელებთან და ჯარისკაცებთან ერთად გენერალ ანდრონიკაშვილის მეთაურობით.

მიღწეული წარმატებებით გათამამებულმა წითელმა არმიამ პირველი შეტევა თბილისზე 18 თებერვლის საღამოს, სოღანლუღის მიმართულებით მიიტანა. ყველაზე მასშტაბური ბრძოლაც იქ გაიმართა.

მაზნიაშვილის სამხედრო ნაწილები მტერს მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ, გამთენიისას კონტრშეტევა მოაწყვეს და მტერი უკუაქციეს. გაქცეულ წითელარმიელებს ქართული არტილერია და ავიაცია ანადგურებდა. ქართველებმა 1600-მდე წითელარმიელი ტყვედ ჩაიგდეს.

19 თებერვალს მოწინააღმდეგემ მთელი ძალებით ტაბახმელას შეუტია, თუმცა, იუნკრებისა და კადეტების მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. ქართულმა არმიამ თბილისის თავდაცვის ცენტრალურ სექტორში დიდი გამარჯვება მოიპოვა.

ქართულმა ჯარმა რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგის 530 ჯარისკაცი გაანადგურა და 1600-მდე ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდო. საბჭოთა მონაცემების მიხედვით, განადგურდა მე-11 წითელი არმიის 58-ე მსროლელი ბრიგადის პირადი შემადგენლობის 3/4.

რუსი ტყვეების შემოყვანა საქართველოში ფოტო: კინოქრონიკა

წითელმა არმიამ კოჯორი დაიკავა. ამ ამბავმა კვინიტაძე შეაშფოთა – კოჯრიდან თბილისის თავისუფლად დაბომბვა იყო შესაძლებელი. მან ბრძანება გასცა კოჯრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

რუსული ჯარები 19 თებერვალს იუნკრებმა, ნაცვლებმა და არმიის ერთმა ასეულმა და ამის შემდეგ გვარდიის და არმიის რამდენიმე ბატალიონი დაემატათ, შედეგად კოჯორი გათავისუფლდა.

იუნკრები ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი
21 თებერვალს რუსულმა ძალებმა დედაქალაქის ლილოდან შემოვლა სცადეს. სახალხო გვარდიის ნაწილებმა და კავალერიის ბრიგადამ მტერი უკუაგდო და 10 კილომეტრით წინ წაიწია.

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 19 თებერვალი, 1921 ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი
23 თებერვალს მოწინააღმდეგეს თბილისისთვის არ შემოუტევია. იყო გადაჯგუფებები დ სადაზვერვო ჯგუფების მცირე შეტაკებები.
კაპიტანი ყიფიანი

"ამ დღეს ტაბახმელაში N 0 სანგარს იცავდა კაპიტანი ყიფიანი 40 რეზერვისტთან ერთად. მათ მოწინააღმდეგის რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, მაგრამ ერთ-ერთი შეტევის დროს ყიფიანს ჯარისკაცები გაექცნენ. გარდა მისი გაზრდილი სერჟანტისა. ყიფიანმა იძრო ნაგანი და 4 ტყვია დაიხალა, ის მაინც გადარჩა და როდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ ჰკითხა, თუ რატომ მოიქცა ასე, შეურაცხყოფილმა ოფიცერმა უპასუხა, რომ ამიერიდან იტყოდნენ კაპიტან ყიფიანს ჯარისკაცები გაექცნენ ბრძოლის ველიდანო. ჩხეიძე სამურაის საქციელს ამსგავსებს კაპიტნის ქმედებას და ეს მართლაც ასეა, მისი ღირსება გაითელა, მას ჯარისკაცები გაექცნენ ბრძოლის ველიდან და სამურაისებრ დაისაჯა თავი", - ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

24 თებერვალს გამთენიისას საბჭოთა რუსეთის ძალებმა, ხანგრძლივი საარტილერიო მომზადების შემდეგ ყველა მიმართულებით გადამწყვეტი მანევრები დაიწყეს. ბაქოდან ჩამოყვანილმა წითელ კურსანტთა ბრიგადამ კოჯორ-ტაბახმელაში გამაგრებულ 90 იუნკერს შეუტია, მთელი დღის განმავლობაში კურსანტები მტერს ხელჩართული ბრძოლებით იგერიებდნენ და უკან ნაბიჯითაც არ დაუხევიათ.

სოღანლუღის მიმართულებით რუსებმა საღამოსთვის შავნაბადის მთის დაკავება შეძლეს. ქართულმა ძალებმა ბრძოლაში უკანასკნელი რეზერვი ჩართეს და სიმაღლე დაიბრუნეს.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქართულ პოზიციებს რუსებმა ჯავშანმატარებლების, ტანკებისა და ჯავშანმანქანების დახმარებით შეუტიეს, ქართულ პოზიციებს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ. ქართულ სახალხო გვარდიის ნაწილებს პოზიციების დათმობა მოუხდათ. თუმცა, მალევე, იმერეთის გვარდიის ბატალიონმა ეს პოზიციები დაიბრუნა.

ფოილოს სარკინიგზო ხიდის აღდგენის შემდეგ რუსებს ბრძოლაში მძიმე ტექნიკის ჩართვის საშუალება მიეცათ.

მძიმე მდგომარეობა ლილოს მიმართულებითაც შეიქმნა. წითელმა კავალერიამ ქართულ პოზიციებს გვერდი აუარა და დედაქალაქის ალყაში მოქცევას შეეცადა. მცირერიცხოვანი ქართული კავალერიის ძალებით მისი შეჩერების მცდელობა მარცხით დასრულდა. რუსები მამკოდასა და გლდანის გავლით ავჭალაში შევიდნენ. ერთი ჯავშანმატარებლისა და მოხალისეთა რაზმის ძალებით ქართველებმა რუსების ავჭალის სადგურიდან გაძევება შეძლეს. ამით ქალაქი სრულ ალყას დროებით გადარჩა.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ყველაზე დრამატულ მომენტში, 24 თებერვლის საღამოს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანი შენაერთები ქართული არმიის დაუცველ ფლანგებს გარს უვლიდნენ და დედაქალაქის დამცველ ძალებს ალყაში აქცევდნენ. ქართველთა ზურგში 4000-4500 კავალერისტი იყო.

ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, ეს სერიოზული პრობლემა იყო იმ პირობებში, როცა ქართული კავალერია მოწინააღმდეგეს რაოდენობით 8-9-ჯერ ჩამოუვარდებოდა და ქართველთა ფლანგები თითქმის დაუცველი იყო.

დედაქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხის გამო კვინიტაძემ 24 თებერვალს, საღამოს მთავრობას თბილისის დატოვების აუცილებლობის შესახებ მოახსენა. გენერალი მიიჩნევდა, რომ თბილისის დაცემით ომის ბედი არ წყდებოდა.

მთავრობამ ქალაქი დატოვა, 25 თებერვალს კი თბილისში წითელი არმია შემოვიდა.
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები