ვაშაძე: ხელისუფლებამ 110/40-ზე პროპორცია შემოგვთავაზა, ამას არ დავეთანხმებით

ახალი საქართველო

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით. 

ვაშაძემ ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის ორგანიზებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისაუბრა. ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ამას არ დაეთანხმება. 

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში შედგება. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია პროპორციული მისწრაფების გათვალისწინება მაქსიმალურად. რა არის ეს? რომ 40%-ზე ნაკლები ვისაც აქვს მხარდაჭერა, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე ამ ტესტს არ გადის, აქედან გამომდინარე ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. ამას არავინ ეთანხმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს,"- ამბობს ვაშაძე. 

ამ დრომდე ხელისუფლებას ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილებას სთავაზობდა, რასაც ოპოზიცია არ თანხმდებოდა და სანაცვლოდ მათ მანდატების 130/20-ზე განაწილება შესთავაზეს. თუმცა, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი თქვეს და, შესაბამისად, ოპოზიციის ეს ვარიანტი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ განხილულა. 

კომენტარები