საარჩევნო სისტემა

კაპანაძე: ოპოზიციის აზრი საარჩევნო რეფორმაზე არ შეცვლილა, ბურთი ივანიშვილის მოედანზეა

პირველი არხი

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიციის დამოკიდებულება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არ შეცვლილა და ახლა ჯერი ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე. კაპანაძე ამბობს, რომ თუ ივანიშვილს უნდა პროგრესი ამ მიმართულებით, უნდა მოაგვაროს პოლიტიკური დევნის პრობლემა და მოლაპარაკება უნდა იყოს ისეთი საარჩევნო მოდელის ირგვლივ, რომელიც გულისხმობს პროპორციულთან მიახლოებული სისტემის შექმნას.

"ამის მოდელები იქნა განხილული და აქ ალბათ შესაძლებელია პროგრესის მიღწევა, უბრალოდ ივანიშვილმა უარი უნდა თქვას იმ პრინციპზე, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის მესამედით ან მცირე მხარდაჭერით შექმნის ერთპიროვნულ მთავრობას. ეს არის სრულიად მიუღებელი. აქ არ ეხება საქმე მხოლოდ ქართულ ოცნებას, ნებისმიერ პარტიას, რომელიც მიიღებს მცირე მხარდაჭერას, არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ შექმნას მთავრობა ერთპიროვნულად. ეს არის ოპოზიციის მოთხოვნა და ამის ირგვლივ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას," - ამბობს კაპანაძე.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლის ვადებს, კაპანაძე ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ არის და ბურთი არის მთლიანად ივანიშვილის მოედანზე. თუმცა, თუ ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის ოპოზიციის პირობების დაკმაყოფილებაზე, კაპანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევისთვისაც მზად არის და თუ არჩევნები კვლავ არსებული შერეული სისტემით ჩატარდება, ოპოზიცია ოცნებას მაჟორიტარულ ოლქებში თითო კანდიდატით დაუპირისპირდება და ამ გზით დაამარცხებს. 

"ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენს პარტნიორებთანაც გავაგრძელოთ საუბარი, ამ მოლაპარაკებებშიც გვექნება ჩვენი პოზიცია და დავიცავთ მას, რომელიც არის ასევე საზოგადოების პოზიცია და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა კვლევაში პროპორციული ან მიახლოებული სისტემა არის საზოგადოების მოთხოვნა და ვაპირებთ, რომ ეს მოთხოვნა გავიტანოთ ბოლომდე. რასაც ივანიშვილი გადაწყვეტს, იქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ," - ამბობს კაპანაძე. 

ოპოზიცია ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს იმგვარი, სადაც პარტია ვერ მიიღებს უმრავლესობას, თუ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებს. 

რას გულისხმობს 40%-ის პრინციპი? 

ოპოზიცია ამ პრინციპს შემდეგნაირად განმარტავს - იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება, პლუს თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება. 

ანუ, არ უნდა იყოს მანდატების ისეთი გადანაწილება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ძალა, რომელიც პროპორციულ ნაწილში 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაჟორიტარების ხარჯზე შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. 

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართა 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. 

დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებული შეხვედრები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს. მანამდე ოპოზიციამ  ლეიბორისტების პარტიაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლებას 130/20-ზე განაწილების პრინციპი შესთავაზა, რაც მათივე თქმით, უზრუნველყოფს 40%-თან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას. 

კომენტარები