იდლიბის პროვინცია

რუსეთი თურქი ჯარისკაცების დაღუპვას თურქეთს აბრალებს, სირიაში 2 საბრძოლო ხომალდს გზავნის

REUTERS

27 თებერვალს ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმას იდლიბში, რასაც 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, რუსეთი გამოეხმაურა - რუსეთი თურქი ჯარისკაცების დაღუპვას თურქეთს აბრალებს და სირიაში ორ საბრძოლო ხომალდს გზავნის.

რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ თურქ ჯარისკაცებს სირიის სამთავრობო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. სამინისტროს თქმით, ამ დროს სირიის სამთავრობო ძალები თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების "მოგერიებას" ცდილობდნენ.

სამინისტრო აცხადებს, რომ ანკარას მოსკოვისთვის იმ ტერიტორიაზე თურქი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ არ შეუტყობინებია - "თურქეთის ძალები იქ არ უნდა ყოფილიყვნენ".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ინციდენტის დროს რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებს საჰაერო თავდასხმა არ განუხორციელებიათ. სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარემ იქ თურქი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ გაიგო, მოსკოვმა თურქეთის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთა - სირიის ძალებმა დაბომბვა შეაჩერეს, რათა თურქეთს დაღუპულებისა და დაჭრილების ევაკუაცია მოეხდინა.

Interfax რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ორ კალიბრის საკრუიზო რაკეტებით აღჭურვილ საბრძოლო ხომალდს სირიაში აგზავნიდა.

27 თებერვალს ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმას იდლიბში 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 32.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, თავდასხმა სირიის მთავრობამ ან მისმა მოკავშირე რუსეთმა განახორციელა. თურქეთი თავდასხმაში სირიის მთავრობას ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ 27 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების მხარდასაჭერად და საარტილერიო დახმარების უზრუნველსაყოფად თავდასხმითი დრონების არალეგალურად გაგზავნაში დაადანაშაულა

სამინისტრომ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთის ძალების მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქი სარაკიბი დაიბრუნეს. ქალაქზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს. ნაირაბის შემდეგ სარაკიბი მეორე ქალაქია, რომლის დაბრუნებაც მათ შეძლეს.

26 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ასადის რეჟიმის ძალებს იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო სადამკვირვებლო პოსტებიდან თებერვლის ბოლომდე გააძევებენ.

26 თებერვალს სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაში მდებარე ქალაქი სარაკიბი აიღეს. ქალაქზე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც დედაქალაქ დამასკოს ალეპოსთან აკავშირებს.

სარაკიბი ამბოხებულებმა ასადის რეჟიმის თავდასხმისას, 3 კვირის წინ დაკარგეს. ნაირაბის შემდეგ ეს მეორე ქალაქია, რომლის დაბრუნებაც მათ შეძლეს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით, ასადის რეჟიმის ძალებმა, რომლებსაც მხარს რუსეთი და ირანი უჭერენ, მიმდინარე კვირას იდლიბის პროვინციის სამხრეთით 60 ქალაქი და სოფელი აიღეს.

მხოლოდ თებერვალში რუსეთისა და ასადის რეჟიმის თავდასხმებს იდლიბში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

გამოცემა Reuters თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა თურქეთი აღარ აპირებს ევროპაში წასვლის მსურველი მიგრანტები, მათ შორის სირიელები, შეაჩეროს.

კომენტარები