საარჩევნო სისტემა

კობახიძე: ელჩთან საარჩევნო სისტემაზე ახალი იდეები გავაჟღერეთ, არის შეთანხმების საფუძველი

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ 28 თებერვლის ღამეს, გერმანიის ელჩთან არაფორმალურ შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საინტერესო იდეები გააჟღერეს.

​ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარია, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი იდეები იძლევა საშუალებას, "მაგალითად, გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში".

დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი იძლევა შეთანხმების მიღწევის საფუძველს.

"ჩვენ გავაჟღერეთ ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს იდეები ქმნის იმის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტში რაციონალური და სამართლიანი დოზით. ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოგაწოდოთ.

ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქნეს მიღწეული შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით. თუ არ დაიწყებს ოპოზიცია ან მისი კონკრეტული წარმომადგენლები საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული", - თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ კონკრეტულ შეთავაზებაზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ იდეის წინააღმდეგ არგუმენტების მოძებნა შეუძლებელია, ხოლო "თუ ვინმეს უნდა საბაბის მოძებნა, საბაბის მოძებნა ყოველთვის შეიძლება".

ამავე შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ ვინც ამ შეთანხმებაზე უარს განაცხადებს, დიალოგს ჩაშლის და "მოუწევს საზოგადოებას აუხსნას, რა იყო მისი რეალური მოტივაცია".

რაც შეეხება ოპოზიციას, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და სიტუაციის განმუხტვას სჭირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

"მეორე არის - გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. თუ ეს მოხდება, მე ვთვლი, რომ მთელი ოპოზიცია არის მოწადინებული, რომ განიმუხტოს ვითარება და არის ძალიან მოქნილი, იმდენი წინადადება დადო მაგიდაზე ამისთვის. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს, თუ გვექნება აუცილებლად გაგაგებინებთ", - თქვა ბოკერიამ.

დავით უსუფაშვილის თქმით კი, არის იმედი იმისა, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნეს მიღწეული. ის აღნიშნავს, რომ ახლა ცოტ-ცოტა დათმობა ყველა მხრიდან არის საჭირო.

"ამისთვის მეც და ძალიან ბევრიც, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ვაკეთებთ ყველაფერს. თუმცა, არის ობიექტური წინააღმდეგობები, იმიტომ რომ ბოლო ათ დღემდე ხელისუფლების მხრიდან მაინც და მაინც კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა. ახლა ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ცოტ-ცოტა დათმობა ყველას მხრიდან არის საჭირო" - თქვა უსუფაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა მარიამ ჯაშიც, რომელიც ქართული ოცნებიდან რამდენიმე თვის წინ წამოვიდა და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკების შეთანხმებაა კონკრეტულ რიცხვებზე ჯერ არ ისაუბრონ, თუმცა "უფრო მეტად პროპორციულისკენ ნაბიჯი უკვე არის გადადგმული, ვიდრე დღევანდელი მოდელი და ვიდრე 100/50".

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართ 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. ანუ, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება და თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამას 130/20 უზრუნველყოფს, ანუ პარლამენტის მანდატების იმგვარად განაწილება, რომ 130 დეპუტატი იყოს საარჩევნო სიით, ხოლო 20 მაჟორიტარი. ხელისუფლება ამას ამ დრომდე არ თანხმდება.

კომენტარები