საარჩევნო სისტემა

კობახიძე: ჩვენი საარჩევნო მოდელი შედეგობრივად პროპორციულის იდენტურია

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო სისტემასა და ოპოზიციისთვის შესათავაზებელ მოდელზე ისაუბრეს. 

მმართველი გუნდის ლიდერები ახალი შეთავაზების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც კობახიძისვე თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი "შედეგობრივად პროპორციული სისტემის იდენტურია". 

"ჩვენ რომ ავიღოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რაც დადგა და რომ ავიღოთ სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით. ეს სისტემა, 5%-იანი ბარიერით და ჩვენ მიერ შემოთავაზებული მოდელი, ორივე ზუსტად 91 მანდატს უზრუნველყოფდა ქართული ოცნებისთვის,"- თქვა ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება მანდატების განაწილების პროპორციას, პროპორციულსა და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, კობახიძე ამბობს, რომ სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, თუმცა იმ მოდელითა და ე.წ ჩამკეტი ელემენტით, რაც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს მანდატების გადანაწილებას. 

"ნაცვლად პროპორციის ცვლილებისა, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ მოდელს, რომელიც ზუსტად იდენტურია და უზრუნველყოფს ზუსტად იგივე შედეგის დადგომა, რასაც უზრუნველყოფდა მაგალითად, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 120/30-ზე სისტემა. არანაირი განსხვავება არაა, პირიქით, ჩვენი ვარიანტია უკეთესი,"- ამბობს კობახიძე. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ დროისთვის "ოპოზიციის მეორე ნაწილსა" და ხელისუფლებას შორის შეთანხმება "ობიექტურად შესაძლებელია", ხოლო იმ პარტიას, რომელიც ამ შეთანხმებას "ხელს შეუშლის" საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოუწევს ამ გადაწყვეტილების ახსნა. 

"ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს,"- თქვა თალაკვაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე არ ასახელებს, თუ ვინ წარმოადგენს "ოპოციის მეორე ნაწილს" და ვისთან აქვს შეთანხმების იმედი. ის არც იმ პროპორციაზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა. 

"ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40%-იანი ბარიერის პრინციპი, საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომლებიც ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ამ ვითარებაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო," - ამბობს თალაკვაძე. 

კომენტარები