არჩევნები 2020

ვაშაძე: მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე

ახალი საქართველო

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა იწყება. ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე.

"მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. შეიძლება, მხარდაჭერა იყოს კონკრეტული დეპუტატების მხრიდან უბრალოდ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე, ყოველგვარი შეთანხმებისა და მოლაპარაკების მაგიდის გარეშე, თუ ადეკვატური საარჩევნო სისტემა იქნება. არავინ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ოფიციალურად მეხუთე რაუნდის გამართვას თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან" - თქვა ვაშაძემ.

კითხვაზე, რა არის ადეკვატური საარჩევნო სისტემა, ახალი საქართველოს ლიდერი პასუხობს, რომ 15/135-ზე ან 20/130-ზე არის უკიდურესი ზღვარი, "რაშიც შეიძლება, ოპოზიციურ მხარეს იყოს გარკვეული მხარდაჭერა".

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. მმართველი ძალის წარმომადგენლები მათ მიერ მუშუშავებული ვერსიის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა. 

ქართული ოცნების მიერ ამ დრომდე შეთავაზებული ორი მოდელიდან (საჯაროდ ნათქვამი 100/50-ზე და შეხვედრაზე ნათქვამი 110/40-ზე) ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ 40%-ის პრინციპს. 

კომენტარები