არჩევნები 2020

ბოკერია: უგულავა დღეს ვნახე, მოლაპარაკებებზე მისი და ჩვენი პოზიცია სრულ თანხვედრაშია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ის დღეს ე.წ მატროსოვის ციხეში გიგი უგულავას შეხვდა. მან თქვა, რომ გიგი უგულავას სრული ინფორმაცია აქვს ოპოზიციის მოლაპარაკებებზე.

"მის ნაცვლად არ ვისაუბრებ. ერთადერთი, რის თქმის უფლებასაც მივცემდი თავს, ზოგადად რომ გითხრათ - გიგი უგულავას და ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, როგორც ერთი გუნდის პოზიცია, არის სრულ თანხვედრაში" - თქვა ბოკერიამ TV ფორმულას ეთერში და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიგი უგულავას დაკავების ეფექტი არასწორად შეაფასა.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება და ნორმალიზაცია ვერ მოხდება, თუკი ორივე კომპონენტი არ დაკმაყოფილდება - ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და, მეორე მხრივ, არსებითად პროპორციული სისტემა, მაგალითად, მანდატების 130/20-ზე განაწილების პრინციპი. თუმცა, ამასთან, დეპუტატის განმარტებით, თუკი ქართული ოცნება ნორმალიზაციის გარეშე, მაგრამ მაინც შეიტანენ პარლამენტში, მაგალითად, 130/20-ის კანონპროექტს, ოპოზიცია მას მხარს დაუჭერს, რადგან ქართულ ოცნებას არ მისცემენ სალაპარაკოს.

რაც შეეხება ქართული ოცნების ახალ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა შეიმუშავა მოდელი, რომელშიც ჩადებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რაც პარტიას, რომელიც მიიღებს 40%-ს ან 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში, უკრძალავს პრაქტიკულ და თეორიულ შანსს, რომ დამოუკიდებლად შეკრას უმრავლესობა, ბოკერია ამბობს, რომ ეს არის "ბოდვა, იაფფასიანი ვირეშმაკობა". დეპუტატის განმარტებით, ის არ მისცემს არცერთ იმ მოდელს ხმას, რომელიც არ ყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა. 

"არც 110/40-ზე, არც 120/30-ზე. რაც ვთქვით, მხოლოდ იმას მივცემთ ხმას,"- ამბობს ბოკერია. 

კომენტარები