ავღანეთი

თალიბანი აშშ-სთან შეთანხმების მიუხედავად ავღანეთის მთავრობას თავდასხმებით ემუქრება

BBC

დაჯგუფება თალიბანის სპიკერი ზაიბულა მუჯაჰიდი ამბობს, რომ მიუხედავად აშშ-სთან რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმებისა, ავღანეთის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას გააგრძელებენ. შეთანხმების მიხედვით ერთკვირიანი ძალადობის შემცირების შემდეგ თალიბანს ავღანეთის მთავრობასთან უნდა დაეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. დაჯგუფების სპიკერის თქმით, მოლაპარაკებები ვერ გაგრძელება, თუ მთავრობის მიერ დაკავებულ დაჯგუფების 5,000-მდე წევრს არ გაათავისუფლებენ. ზაიბულა მუჯაჰიდის თქმით ბრძოლა გაგრძელდება მხოლოდ ავღანეთის მთავრობის ძალებთა და საერთაშორისო მისიებზე თავდასხმა არ მოხდება.

"ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ შიდა ავღანური მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ველით 5,000 პატიმრის გათავისუფლებას. თუ ჩვენი 5,000 პატიმარი - 100-ით ან 200-ით მეტი ან ნაკლები, მნიშვნელობა არ აქვს, არ გათავისუფლდება, შიდა ავღანური მოლაპარაკებები არ იქნება." თქვა მან.

პატიმრების გათავისუფლება აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ მის მთავრობას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია. მან ისიც თქვა, რომ ეს პირობა შესაძლოა განიხილონ თალიბანთან მოლაპარაკებებში, თუმცა არა როგორც მოლაპარაკებების წინაპირობა.

თალიბანის განცხადებას გამოეხმაურა ავღანეთში აშშ-ის ძალების გენერალი სკოტ მილერი. მისი თქმით აშშ სერიოზულად უყურებს ძალადობის შემცირების პირობას და იმედი აქვთ, რომ თალიბანი აღებულ ვალდებულებას შეასრულებს.

აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება მოიცავს მომდევნო 14 თვეში ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ის და NATO-ს ჯარების გაყვანას იმ შემთხვევაში, თუ დაგჯუფება ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ავღანეთს მაისამდე 5,000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს, თავად კი ახლო მომავალში თალიბანის ლიდერებს შეხვდება.

თალიბანი დეკემბრიდან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, დალმაი ხალილზადთან კატარში მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ღანის მთავრობასთან საუბარზე უარს ამბობდა, რადგან მათ დასავლეთის მარიონეტებად მიიჩნევენ.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად თალიბანის მხრიდან, რომელიც ავღანეთის ტერიტორიის 40%-ს აკონტროლებს, თავდასხმები არ წყდებოდა.

გასული წლის სექტემბრის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიიღწა შეთანხმება 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა მაშინ ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

მაშინდელი შეთანხმების თანახმად, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

ნოემბერში, ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ, კი თალიბანის სპიკერმა ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა თქვა, რომ მზად იყვნენ აშშ-სთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

კომენტარები