საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: ენმ და მისი განაყოფი პარტია ხალხის ინტერესებით, ხმებით და მანდატებით ვაჭრობს

ტაბულა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა და "მისი განაყოფი პარტია" ხალხის ინტერესებით, ხმებით და მანდატებით ვაჭრობს და მისივე თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ "ტყვეობაში აიყვანონ მთელი ოპოზიციური სპექტრი".

პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ თქვა. 

"ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელსაც აქვს დაბალი მხარდაჭერა და ჰყავთ ძალიან მძიმე ბიოგრაფიის ლიდერები, რომლებიც საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ, მაღალი ალბათობით, ამ კვირაში ბოლოჯერ გაააქტიურებენ თავიანთ ლობისტურ კონტაქტებს და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მიიღონ გარედან ისეთი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება შიდა მოლაპარაკებებში გამოადგეთ ამ მანდატებით ვაჭრობის პროცესში," - ამბობს თალაკვაძე.  

თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს, ოპოზიციის ამ ნაწილთან შეთანხმების შესაძლებლობას თავად თალაკვაძეც ხედავს. თალაკვაძე არ აკონკრეტებს, თუ ოპოზიციის რომელ წარმომადგენლებზე საუბრობს კონკრეტულად. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კონსტრუქციულ ოპოზიციად, თალაკვაძე პასუხობს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ენმ-სა და "მისი განაყოფის" გარდა, აფასებს ხელისუფლების შეთავზებებს და პირობებს. 

"ვხედავ რა ოპოზიციის ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის კონსტრუქციულ პოზიციებს და მათ შორის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები სახეზეა, მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმება მოხდება."- ამბობს თალაკვაძე. 

თალაკვაძის თქმით, ის ელის, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი განაყოფი [ევროპული საქართველო], მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ როგორმე თავი აარიდონ შეთანხმებას და რაიმე მიზეზით უარი თქვან ამ პირობებზე და თალაკვაძის თქმითვე, ეს იქნება მკაფიო სიგნალი.

"ოპოზიციის ეს ნაწილი, ვინც პასუხისმგებელია წარსულში უმძიმეს სისტემურ ჩავარდნებზე, დანაშაულებზე და პოლიტიკურ მანიპულაციებზე, მათ შორის არჩევნების გაყალბებაზე, ეს ადამიანები ცდილობენ ჩაშალონ დიალოგი. ის ვინც ჩაშლის ამ დიალოგს და შეთანხმებას, ვალდებული იქნება და მოუწევს აუხსნას ჩვენი საზოგადოებისთვის და დასავლელ პარტნიორებისთვის, თუ რა იყო რეალურად ის მოტივაცია,  რის გამოც შეთანხმებას ხელი შეუშალეს. ახლა ოპოზიციის ეს ნაწილი დგას ტესტის წინაშე, სურთ თუ არა მათ რეალურად დემოკრატიული არჩევნები, თუ მათ სურთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ივაჭრონ საზოგადოების ინტერესებით, ხმებით და მანდატებით," - ამბობს თალაკვაძე. 

აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტულიპარტიის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებებზე თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი მონაწილეობს და ამ ერთობის მოთხოვნა არის, რომ ჩატარდეს პრორპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული არჩევნები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებენ ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების ნაწილი, სავარაუდოდ სწორედ მათ გულისხმობს არჩილ თალაკვაძე, როცა შეთანხმებაზე საუბრობს. 

"ოცნებაში" ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ამ ვერსიაზე უმრავლესობის წევრებმა 1 მარტს ქართული ოცნების ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. 

დღეს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ორი ვარიანტიდან შეუძლია შეარჩიოს სასურველი მოდელი ან 100/50, ან 110/40

ამ ორი ვარიანტიდან ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ვარიანტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები