ავღანეთი

შეთანხმების შემდეგ პირველად აშშ-მა თალიბანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა

0 კომენტარი

გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების შემდეგ პირველად აშშ-მა თალიბანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. დარტყმები ქვეყნის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა.

ამის მიზეზი, მისი თქმით, ის იყო, რომ თალიბანის მებრძოლები ავღანეთის სამხედრო ძალების პუნქტს ესხმოდნენ თავს. პოლკოვნიკი სონი ლეგეტი ამბობს, რომ თავდასხმა თავდაცვითი იყო და თალიბანის მებრძოლების შეჩერებას ემსახურებოდა. მისივე თქმით აშშ-ს სურს შეასრულოს თალიბანთან მიღწეული შეთანხმების პირობები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს დაიცავს.

მხოლოდ 3 მარტს ავღანეთის მთავრობამ თალიბანი 16 პროვინციაში 33 თავდასხმაში დაადანაშაულა, მათ შორის სპილენძის მაღაროსთან მდებარე უსაფრთხოების პოსტზე, რასაც 5 ავღანელი პოლიციელი ემსხვერპლა. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 14 მშიდობიანი მოქალაქე. თალიბანს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პარალელურად, 3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თალიბანის მთავარ მომლაპარაკებელს და ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრს, მულა აბდულ ღანი ბარადარს ტელეფონით ესაუბრა. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმა და თალიბანის სპიკერმა, ზაიბულა მუჯაჰიდმაც დაადასტურეს. ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თალიბანის ლიდერთან კარგი საუბარი ჰქონდა და შეთანხმდნენ, რომ ძალადობა აღარ იქნება.

აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება მოიცავს მომდევნო 14 თვეში ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ის და NATO-ს ჯარების გაყვანას იმ შემთხვევაში, თუ დაგჯუფება ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ავღანეთს მაისამდე 5,000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს, თავად კი ახლო მომავალში თალიბანის ლიდერებს შეხვდება.

თალიბანი დეკემბრიდან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, დალმაი ხალილზადთან კატარში მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ღანის მთავრობასთან საუბარზე უარს ამბობდა, რადგან მათ დასავლეთის მარიონეტებად მიიჩნევენ.

ზაიბულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ მიუხედავად აშშ-სთან რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმებისა, ავღანეთის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას გააგრძელებენ. შეთანხმების მიხედვით ერთკვირიანი ძალადობის შემცირების შემდეგ თალიბანს ავღანეთის მთავრობასთან უნდა დაეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. დაჯგუფების სპიკერის თქმით, მოლაპარაკებები ვერ გაგრძელება, თუ მთავრობის მიერ დაკავებულ დაჯგუფების 5,000-მდე წევრს არ გაათავისუფლებენ. ზაიბულა მუჯაჰიდის თქმით ბრძოლა გაგრძელდება მხოლოდ ავღანეთის მთავრობის ძალებთა და საერთაშორისო მისიებზე თავდასხმა არ მოხდება.

პატიმრების გათავისუფლება აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ მის მთავრობას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია. მან ისიც თქვა, რომ ეს პირობა შესაძლოა განიხილონ თალიბანთან მოლაპარაკებებში, თუმცა არა როგორც მოლაპარაკებების წინაპირობა.

თალიბანის მუქარაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს არა განცხადებებს, არამედ ქმედებებს. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე კი გენერალმა მარკ მაილიმ კი თქვა, რომ მოსალოდნელი არ არის, რომ ავღანეთში დაპირისპიება სრულად შეწყდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები