იდლიბის პროვინცია

ამერიკამ სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით $108 მლნ გაიღო

მორგან ორტაგუსი და მაიკ პომპეო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ასადის რეჟიმის, რუსეთის, ირანის თავდასხმებისგან გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ სირიელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 108 მილიონი აშშ დოლარი გაიღო

56 მილიონ აშშ დოლარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, მიგრანტებისა და მიგრაციის ბიურო გამოყოფს, ხოლო 52 მილიონ აშშ დოლარზე მეტს კი - USAID. 

ჯამში აშშ-მა სირიის კრიზისის დაწყებიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით 10.6 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. სირიასა და მთელ მსოფლიოში აშშ უმსხვილესი ჰუმანიტარული დახმარების გამცემია.

"2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან ასადის რეჟიმის, რუსეთის, ირანის ძალების თავდასხმების შედეგად დაახლოებით 950 000 ადამიანს ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიიდან სახლების დატოვება აიძულეს, აქედან 80% ქალები და ბავშვები არიან. სირიის კრიზისის დაწყებიდან ერთ ჯერზე ეს ყველაზე დიდი იძულებით გადაადგილებაა," - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

აშშ ჰუმანიტარულ დახმარებას სირიელ ხალხს მიგრანტებისთვის გაეროს უმაღლესი კომისარის, საერთაშორისო ორგანიზაცია მიგრაციისთვის, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის, მსოფლიო საკვების პროგრამის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაწესებულებების მეშვეობით მიაწვდის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ეს დახმარება ამერიკის ეროვნული სტრატეგის ნაწილია, რათა ადამიანთა ტანჯვა შეამსუბუქონ. 

აშშ რუსეთსა და ჩინეთს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზების ჩაკეტვისთვის აკრიტიკებს - "ამით სირიაში ჰუმანიტარული საზღვრის გადაკვეთის პუნქტები ოთხიდან ორამდე შემცირდა, ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში სამედიცინო დახმარების მიწოდება 40%-ითშემცირდა".

აშშ გაეროს მოწოდებას უერთდება, რომ ჩრდილოეთ-დასავლეთ სირიაში ასადის რეჟიმის, რუსეთის და ირანის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები შეწყდეს, მათ შორის, სკოლებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლებზე.

შეგახსენებთ, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ჩრდილოეთ სირიაში, ილიბის პროვინციაზე თავდასხმას რუსეთისა და ირანის მხარდაჭრით აგრძელებს. ასადის ძალების თავდასხმების გამო საცხოვრებლის მიტოვება მილიონამდე ადამიანს მოუხდა. თურქეთმა, რომელმაც გასულ წელს ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონის შესაქმნელად და მიგრანტების დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნები არასაკმარის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მიგრანტებს საზღვრები გაუხსნა ევროპის ქვეყნებში გადასასვლელად. შედეგად, საბერძნეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლას ცდილობს, რასაც სასაზღვრო დაცვასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ ევროპის მიგრანტთან კრისისის გადასაჭერელად რუსეთი არ აპირებს სირიაში "ტერორიზმთან ბრძოლა" შეწყვიტოს.

იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭრილ სირიის სამთავრობო ძალებს და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. საკითხის განსახილველად ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრას ხვალ, 5 მარტს გამართავენ.

კომენტარები