კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთმა გარეშე პირებთან კონტაქტი მოასწრო

რუსთავი 2

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დღეს გამოვლენილი 5 პირიდან, ვისაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთს გარეშე პირებთან ჰქონდა კონტაქტი. 

ამის შესახებ პაატა იმნაძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოძიებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ამ პირს შეხება ჰქონდა. 

"ამ შემთხვევაში ჩვენ ვსარგებლობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით, კონტაქტი ითვლება იმ ადამიანთან, ვისთანაც 15 წუთი და მეტი ჰქონდა უშუალო ურთიერთობა. ყველა ასეთი ადამიანი მოძიებულია და არიან დაკვირვების ქვეშ," - თქვა პაატა იმნაძემ. 

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, მოასწრო თუ არა 5 ინფიცირებულიდან ერთერთმა გარეშე პირებთან კონტაქტი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ "დიახ, ერთმა მოასწრო". 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ერთი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა, კიდევ ერთი - მასთან კონტაქტში მყოფი პირი. მესამე პაციენტი 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. მეოთხე შემთხვევა 4 მარტს დადასტურდა - ის 44 წლის მამაკაცია, რომელმაც ჩამოფრენიდან სამ დღეში მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მაღალი სიცხით და ყელის ტკივილით. მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, "საყურადღებო" და "საშუალო სიმძიმისაა". დანარჩენი ხუთი პაციენტი კი, სწორედ ამ უკანასკნელთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ერთის გარდა, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა "დამაკმაყოფილებელი და კარგია".

კომენტარები