არჩევნები 2020

ჭიაბერაშვილი: თუ კომპრომისი შედგება, დიპლომატებმა უნდა გააკეთონ პირველი განცხადებები

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ოპოზიციის მიდგომაა - რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილების პროცესი. მისი თქმით, ეს გარდაუვლად მოხდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. 

"ამისათვის, აუცილებელია, არჩევნები ჩატარდეს იმ სისტემით, რომელზეც იქნება შეთანხმება პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის და ამავდროულად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ. ორივე პირობის დაკმაყოფილება არის საკვანძო იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და შედარებით ნორმალურ გარემოში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილება, ხაზს ვუსვამ, რომ არის გარდაუვალი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ" - თქვა ჭიაბერაშვილმა. 

ევროპული საქართველოს შეფასებით, აუცილებელია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს "დავუთმოთ ასპარეზი" და თუ კომპრომისი შედგა, სწორედ დიპლომატებმა უნდა გააკეთონ პირველი განცხადება. 

"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, პარტნიორების ეგიდით და იმისათვის, რომ ქვეყნისთვის საჭირო კომპრომისი იქნას მიღწეული იმ ორი პირობით, რაც საკვანძოა მთლიანად ოპოზიციისთვის და მათ შორის, ევროპული საქართველოსთვის, აუცილებელია, რომ თვითონ შუამავლებს, საერთაშორისო დიპლომატებს დავუთმოთ ასპარეზი. საბოლოოდ, თუკი ასეთი კომპრომისი შედგა, მათ უნდა გააკეთონ პირველი განცხადებები. ეს არის ყველაზე უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მოთამაშეებს გვქონდეს“ , - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ შეიმუშავეს მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი. მათი თქმით, ეს ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციას შეუძლია, შეარჩიოს სასურველი მოდელი - 100/50, ან 110/40.

ამ ორი ვარიანტიდან ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ამბობენ, რომ ეს არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს. მათი თქმით, 40%-იანი პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 9 მარტამდე შეხვდებოდნენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და შეეცდებოდნენ, საბოლოო შეთანხმების მიღწევას. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, ამ ვითარებაში ოფიციალური მოლაპარაკებები ვერ შედგება, თუმცა კომუნიკაცია შესაძლებელია. 

კომენტარები