საფრანგეთის მთავრობა მოსახლეობას არჩევნებზე საკუთარი კალმებით მისვლას ურჩევს

კვირას, 15 მარტს საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნების პირველი ტური იმართება. კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, საარჩევნო უბნებზე საკუთარი კალმებით მივიდნენ.

"ამომრჩეველთათვის რეკომენდირებულია, წამოიღონ საკუთარი, ლურჯი ან შავი მელნის კალამი," - ნათქვამია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის წერილში, სადაც საუბარია იმ ზომებზე, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს "უსაფრთხო ხმის მიცემა".

გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებს უბნებზე ჰიგიენური გელიც დახვდეთ ან ხელების დაბანა შეეძლოთ.

ამომრჩევლებისა და უბანზე მომუშავე ადამიანებისათვის რეკომენდირებული იქნება, მაქსიმალურად მოერიდნონ ერთმანეთთან ფიზიკურ კონტაქტს.

არჩევნების მეორე ტური 22 მარტს უნდა გაიმართოს.

ამ დროისათვის საფრანგეთში კორონავირუსის 2876 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 12 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 61 კი გარდაიცვალა.

კომენტარები