COVID-19

მოხალისეთა ჯგუფი მარტოხელა მოხუცებს საკვებით და წამლებით მოამარაგებს

ავერსი

მოხალისეთა ჯგუფი მარტოხელა მოხუცებს საკვებით და წამლების მოამარაგებს.

ხანდაზმული ადამიანები Covid-19-ის რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ - ახალი კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უქმნის.

იმ პირობებში, როცა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი რეკომენდაცია ჰიგიენის დაცვასთან ერთად იზოლაციაა, სასურველია, უახლოესი დღეების განმავლობაში ხანდაზმული ადამიანები ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ. მეორე მხრივ, იზოლაციის გადაწყვეტილება ბევრ მოხუცს საკვების პრობლემას უქმნის - დაიხურა "კათარზისი", რომელიც სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ ადამიანებს საკვებით უზრუნველყოფდა.

იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება მოხუცებისთვის გამარტივდეს, მოხალისეებმა მათი დახმარება გადაწყვიტეს. მარიამ გოცირიძემ მეგობრებთან ერთად ფეისბუქ-ჯგუფი შექმნა, რომელშიც, მისთვის მოულოდნელად, 15 000-ზე მეტი ადამიანი გაერთიანდა. 24 საათში 55 ათას ლარზე მეტი შეგროვდა. მოხალისეები გეგმავენ, დაახლოებით 500 ხანდაზმული ადამიანი სულ მცირე, 1 კვირის სამყოფი საკვებითა და მედიკამენტებით მოამარაგონ.

"ერთ-ერთმა მეგობარმა, მარიამმა ჯგუფი გააკეთა, ვფიქრობდით, რომ მოხუცების დასახმარებელ თანხას ჩვენი მეგობრების წრეში შევაგროვებდით. მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და 24 საათში 55 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ. ჩარიცხვები უკვე შევწყვიტეთ, არ გვინდა, საკუთარ თავზე იმაზე მეტი ავიღოთ, ვიდრე გავწვდებით. ახლა რაც არის, ამის მენეჯმენტს ვახერხებთ. სიებს ვადგენთ. ხალხი გვაწვდის მოხუცების სახელებს, თავის უბანში მცხოვრები ადამიანების შესახებ ინფორმაციას გვეუბნება, ვინმე უ მოწყალებას ითხოვს, თუ მოხუცია და მზრუნველი არ ჰყავს, მათ ნომრებს გვწერენ. ჩვენ ვურეკავთ და მათ საჭიროებებს ვსწავლობთ. კომპანიებიც შემოგვიერთდნენ. 300-დან 500-მდე მოხუცს დავეხმარებით. მივაწვდით საკვებს, ჰიგიენის საშუალებებს და მედიკამენტებს. ყველაფერი იქნება წესების და ჰიგიენის დაცვით და ამაზეც გავდივართ კონსულტაციებს", - უთხრა ტაბულას ერთ-ერთმა მოხალისემ, მარიამ გოცირიძემ.

კომენტარები