ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მათი ინიციატივის შედეგად, რომელიც ე.წ საპენსიო ფონდის პროგრამის შეჩერებას ეხება, ფული დარჩება დასაქმებულს, დამსაქმებელს და სახელმწიფოც დაზოგავს ბიუჯეტის ფულს. ევროპული საქართველო მიმართავს მთავრობას, რომ მომდევნო 8 თვის განმავლობაში შეაჩეროს ეს პროგრამა.
"იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას მაინც განიხილავენ სერიოზულად, იმიტომ რომ რეალური დახმარება ჩვენი მოქალაქეების და მეწარმეების და სახსრების გათავისუფლება ბიუჯეტიდან მოხდება ამ წინადადებით," - ამბობს ბოკერია.
ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის ყურადღების მიქცევა, რადგან პანდემია დაიძლევა, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები დარჩება და ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება რიგით მოქალაქეებს.
"დღეს ბუნებრივია, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეზე, მთელს მსოფლიოში ასეა და მინდა, რომ ჩვენი გუნდის სახელით მადლობა ვუთხრა და მხარდაჭერა გამოვუხატო ამ სფეროს ყველა წარმომადგენელს, ვინც ახლა ამ ყველაზე საპასუხიმგებლო ფრონტზე არის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ კაცობრიობა და ჩვენი ქვეყანა ამ ძალიან სახიფათო გამოწვევას დაძლევს და ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკა და ჩვეულებრივი მოქალაქეების თუ მეწარმეების კეთილდღეობა და მომავალი," - ამბობს ბოკერია.
კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის ერთი გეგმა ევროპულმა საქართველომ 6 მარტს წარადგინა, რაც გადასახადების დაწევას ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობამ მათი ეს ინიციატივა არ გაიზიარა და კონკრეტული სფეროებისთვის საგადასახადო შეღავათები აამოქმედა.





