ბრიტანეთი კორონავირუსთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.

მკაცრ ზომებში მოიაზრება მასობრივი თავყრილობების აკრძალვა, ხანშიშესულების იზოლაცია და ოჯახების მთლიანად გადაყვანა კარანტინზე.

ბრიტანეთის მთავრობამ კურსის შეცვლა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაწყვიტა, რაც იმან განაპირობა, რომ შედარებით რბილი მიდგომის პოლიტიკური და საზოგადოებრივი რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

იქამდე ბორის ჯონსონის მთავრობა თავს იკავებდა მიემართა ისეთი მკაცრი ზომებისთვის, როგორებსაც ევროპის ქვეყნები იღებდნენ, იქნებოდა ეს საზღვრების ჩაკეტვა, მოწოდება იზოლაციისაკენ თუ მასობრივი თავყრილობების აკრძალვა.

გაზეთ Sunday Times-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 15 მარტს გამოქვეყნდა, მოსახლეობის 52%-ისთვის მთავრობის ზომები ზედმეტად რბილი იყო, დამაკმაყოფილებლად კი მათ 26% მიიჩნევდა.

იქამდე ბრიტანეთის მთავრობის ლოგიკა ეფუძნებოდა პრინციპს, რომელიც რისკ-ჯგუფების დაავადებისაგან მაქსიმალურად დაცვასა და საზოგადოებრივი იმუნიტეტის ამაღლებას მოიაზრებდა.

ამ პრინციპის თანახმად, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანი შეიძლებოდა იმ შემთხვევაში აღმოჩენილიყო, თუ რისკ-ჯგუფები მისგან მაქსიმალურად შორს დაიჭერდნენ თავს, ამასობაში მთავრობა მკაცრ ზომებს არ გამოიჩენდა დაავადების დანარჩენ, ნაკლები რისკის შემცველ ჯგუფებში გავრცელების აღსაკვეთად, რითაც საზოგადოებრივი იმუნიტეტი ამაღლდებოდა და მომდევნო ზამთრისთვის დაავადება ნაკლებად სახიფათო გამოდგებოდა.

თუმცა ამ შეხედულებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათ შორის იყო ბრიტანეთის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ჯერემი ჰანტი, რომელიც მთავრობას უფრო მკაცრი ნაბიჯებისკენ მოუწოდებდა. გეგმის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებდნენ მეცნიერები და ექსპერტებიც.

თუმცა, როგორც ჩანს, მთავარი, რის გამოც ბორის ჯონსონის მთავრობამ კურსის შეცვლა განიზრახა, პოლიტიკური რისკებია. რბილი მიდგომით, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობას გადაეჭარბებინა ევროპის ქვეყნებში აღრიცხული რიცხვებისთვის, რაც ბრიტანული საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევდა მნიშვნელოვანი კრიზისის ფონზე.

ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 1391 შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 გარდაიცვალა.

კომენტარები