აშშ-ჩინეთი

ჩინეთი ტრამპს ახალი კორონავირუსისთვის "ჩინური ვირუსის" წოდების გამო აკრიტიკებს

დონალდ ტრამპი
Getty Images

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რადგან მან ახალ კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" უწოდა. სამინისტროს თქმით ეს ჩინეთს ჩირქს სცხებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ს მოუწოდა ჩინეთის სტიგმების ნაცვლად "საკუთარ საქმეს მიხედონ".

"მოვუწოდებ აშშ-ს გაასწორონ ეს შეცდომა და შეწყვირონ ჩინეთის უსაფუძვლო დადანაშაულება." თქვა მან.

ჩინეთის სახელმწიფო მედიაში ტრამპის მიერ გამოყენებული ტერმინი რასისტულად და ქსენოფობიურად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თავად გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუჰანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთს მოსთხოვა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება და ეპიდემიის გამოწვევის გადაბრალება. თავად პომპეომ ვირუსს არაერთხელ უწოდა "ვუჰანის ვირუსი".

"აშშ მძლავრად დაეხმარება ინდუსტრიებს, როგორიცაა ავიახაზები და სხვა, რომლებზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩინურმა ვირუსმა. ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე!" დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. მან ახალ კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" არაერთ ტვიტსა თუ საჯარო გამოსვლაში უწოდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსს ოფიციალური სახელი COVID-19 დაარქვა და გაავრცელა მოწოდება, რომ ვირუსის სახელი არ დაუკავშირონ რომელიმე კონკრეტულ ტეროტორიას ან ჯგუფს, რათა სტიგმის გაჩენის რისკი შემცირდეს.

ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 170,000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული მათგან 80,000-ზე მეტი ჩინეთში. ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ 17 მარტს ქვეყნის შიგნით დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, დანარჩენი 20 შემთხვევა კი სხვა ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს აღმოაჩნდათ.

ჩინეთში ბოლო მონაცემებით ინფიცირებულია 80,881 ადამიანი, დაიღუპა 3,226, გამოჯანმრთელდა 68,690 ადამიანი.

აშშ-ში დაავადება დაუდგინდა 4,727 ადამიანს, დაიღუპა 93, გამოჯანმრთელდა 74.

კომენტარები