გლობალური ეკონომიკური რეცესია

S&P წელს გლობალურ ეკონომიკურ რეცესიას პროგნოზირებს

მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოს S&P პროგნოზით, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ მომზადებულ სპეციალურ დასკვნაშია [გლობალური რეცესია აქ და ახლა] საუბარი. 

"ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების, ბაზრებზე შექმნილი ტურბულენტობისა და გაზრდილი საკრედიტო სტრესის ფონზე, ვპროგნოზირებთ გლობალურ რეცესიას - მსოფლიოს ჯამური მშპ-ს 1-1,5%-იანი ზრდით", — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაში. 

დასკვნიდან უცნობია, კონკრეტულად რა იგულისხმება ეკონომიკურ რეცესიაში - ტერმინის აკადემიური თუ ტექნიკური განმარტება. რეცესიის ტექნიკური განმარტება ზედიზედ ორი ფინანსური კვარტლის განმავლობაში ზრდის ტემპის უარყოფით მაჩვენებელს გულისხმობს. 

ხოლო, აკადემიურ წრეებში უფრო ღრმა დეფინიციას ემხრობიან, რომლის მიხედვითაც რეცესია რამდენიმე საკვანძო ინდიკატორის შემცირებით დგინდება. 2016 წელს, Citi Group-ის ეკონომისტებმა დაასაბუთეს, რომ 2%-ზე ნაკლები გლობალური ეკონომიკური ზრდა უკვე რეცესიაა. 

S&P-ის მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე მარტში გაიზარდა. ეკონომიკის სტატისტიკური მაჩვენებლები ჯერ კიდევ ფრაგმენტულია, თუმცა იანვარ-თებერვალში ჩინეთის ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზირებულზე გაცილებით უარესი აღმოჩნდა. 

ევროპასა და აშშ-ში გადაადგილებაზე შეზღუდვები სულ უფრო მატულობს, ხოლო გლობალურ ბაზრებზე ეს მინიმალური რისკზე საყოველთაო უარით გამოიხატება. "ტურისტული და საქმიანი ვიზიტების რაოდენობა დღითიდღე მცირდება, უქმდება მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები, რაც უარყოფითად აისახება ე.წ. სამასპინძლე სექტორზე. ახალი შეზღუდვების ფონზე ცარიელდება ოფისები და ფაბრიკები", — აღნიშნულია დასკვნაში.

ფინანსურ ბაზრებზე VIX-ის ე.წ. შიში ინდექსი 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროინდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. არსებობს ლიკვიდურობის უკმარისობის რისკი. კომპანიები და შინამეურნეობები მაღალი ლიკვიდურობის აქტივებს იტოვებენ. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირება.

S&P ასევე ვარაუდობს:

  • 2020 წელს ევროზონის მშპ 0,5-1%-მდე შემცირდება, ყველაზე მძიმე დარტყმას კი ევროპული ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში მიიღებს, რის შემდეგაც უმნიშვნელო ზრდაა მოსალოდნელი;
  • აშშ-ში დარტყმის ქვეშ იგივე სექტორები აღმოჩნდნენ, რაც ევროპაში, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ადგილობრივი ნავთობისა და გაზის ბაზარიც. S&P-ის ვარაუდით წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა უმნიშვნელოდ შემცირდება, თუმცა მეორე კვარტალში დანაკლისი უკვე 1,5%-ს გაუტოლდება;
  • ორგანიზაციის ვარაუდით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან განვითარებადი ეკონომიკები და მათი ზარალის მასშტაბი ქვეყნებიდან გასული კაპიტალის რაოდენობით იქნება განსაზღვრული. ყველაზე მოწყვლადი ამ ვითარებაში ე.წ. ნედლეულზე [ნავთობი და გაზი] დამოკიდებული ქვეყნებია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მექსიკა, სამხრეთ-აფრიკა და ინდონეზია, ვინაიდან ამ ქვეყნებს უარყოფითი საგადასახადო ბალანსი აქვთ. საგარეო ვალის მაღალი მაჩვენებლის გამო, მომეტებული საფრთხე ემუქრება თურქეთს, რუსეთს და კოლუმბიას კი საფრთხეს ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულება უქმნის. 

კომენტარები