პოლიტიკური დევნა

გახარია უგულავაზე: შეწყალებას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი და ეს აღიარებაა

მთავრობის ადმინისტრაცია

"შეწყალებას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი და ეს აღიარებაა," - ამის შესახებ პრემიერმინიტრმა გიორგი გახარიამ რუსთავი ორის ეთერში "ღამის კურიერში" გიგი უგულავას საქმეზე და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

"როდესაც, ვიღაცა ამბობს, რომ ვიღაც თეორიულად უნდა გათავისუფლდეს, მაშინ როდესაც ქვეყანაში გავლილია სასამართლო ინსტანციები, როდესაც პროცესი სრულად პოლიტიზირებულია, ვიღაცამ ვიღაცა თუ უნდა შეიწყალოს, კი მაგრამ, თუ რეალურ პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ყველა ასეთ შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს პოლიტიკური ფასი ძაან მარტივია, აღიარებაა," - ამბობს გახარია.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავებასაც აქვს პოლიტიკური ფასი გახარია პასუხობს, რომ თუ ამას აქვს ფასი, ამას საბოლოო ჯამში გადაახდევინებს ამომრჩეველი. 

"შეუძლებელია, ნორმალურად მომუშავე სასამართლო სისტემის პირობებში ვიღაცას ჰქონდეს პოლიტიკური ამბიცია შეწყალებაზე ისე, რომ ამაში პოლიტიკური ფასი არ გადაიხადოს. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს," - ამბობს გახარია.

რაც შეეხება კონკრეტულად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომლის ნაწილიც პოლიტპატიმრების საკითხიცაა, გახარია ამბობს:

"ძალიან კარგად მესმის რა არის პოლიტიკური პროცესი და ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ მსგავს პოლიტიკურ პროცესში არსებობს წერილობითი საბუთები, მაგრამ არსებობს სიტყვიერი შეთანხმებებიც და არსებობს რაღაც სხვა განზომილებებიც, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვანი ფაქტია ის და კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ," - ამბობს გახარია.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, შეთანხმებისას კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე იყო საუბარი და ამ პირობის შესრულების გარეშე შეთანხმება ჩაიშლება. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ გავრებზე არ ყოფილა საუბარი. 

შეხვედრაზე, რომ კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტში საუბარია პრეზიდენტის როლზეც ამ შეთახმების შესრულებაში. სწორედ ამიტომ, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისკენ მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტარები.

11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა, რომელიც 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ ორმხრივ შეთანხმებას ეხება. 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.

ჯიმ რიში წერს, რომ ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას.

კომენტარები