ახალი კორონავირუსი ჰაერში 3 საათის, ზედაპირებზე დღეების განმავლობაში ძლებს - აშშ-ის კვლევა

2019-nCoV
niaid

აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევით ირკვევა, რომ ახალი კორონავირუსი ჰაერში საათების, ხოლო ზედაპირებზე დღეების განმავლობაში ძლებს. ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ "ადამიანებმა შესაძლოა, ვირუსი შეიძინონ ჰაერით და დაბინძურებულ ნივთზე შეხებით".

ახალი კორონავირუსი ჰაერში სამ საათამდე ძლებს, სპილენძზე მაქსიმუმ 4 საათი, მუყაოს ზედაპირზე 24 საათამდე, ხოლო პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე 2-დან 3 დღემდე. 

17 მარტს The New England Journal of Medicine-ში ახალი კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობაზე ახალი კვლევა გამოაქვეყნეს - კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, კალიფორნიის უნივერსიტეტის და პრინცტონის უნივერსიტეტის მეცნიერები.

მკვლევრებმა ორი ტიპის კორონავირუსი ერთმანეთს შეადარეს, რათა გაეგოთ, თუ რა გავლენა აქვს გარემოს SARS-CoV-2-სა (2019 წელს ვუხანში გავრცელებული ახალი კორონავირუსი, მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი - კორონავირუსი 2, რაც იწვევს დაავადებას COVID-19, იგივე კორონავირუსის დაავადება 2019) და SARS-CoV-1-ზე (მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომი - კორონავირუსი, იგივე სარს-ი, სხვა ტიპის კორონავირუსი, რომელიც ჩინეთში 2002-2003 წელს იყო გავრცელებული - დაახლოებით, 8000 დაინფიცირებულიდან 800-ის სიცოცხლე ემსხვერპლა).

მკვლევარებმა ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გავრცელების იმიტაცია მოახდინეს - მათ გამოიყენეს მოწყობილობა, რაც ხველების ან ცემინების მსგავსად ავრცელებდა ვირუსის მიკროსკოპულ წვეთებს სახლის პირობებში, ყოველდღიური მოხმარების საგნებზე და საავადმყოფოს გარემოში, შემდეგ კი შეისწავლეს, თუ რამდენ ხანს ძლებდა ვირუსი.

გამოცდა აჩვენებს, რომ დახველებისას ან დაცემინებისას დაავადებული პირის მიერ ვირუსის მიკროსკოპული წვეთების გამოფრქვევისას, ვირუსი ჰაერში სიცოცხლისუნარიანია და ადამიანების დაინფიცირება სამი საათის განმავლობაში შეუძლია.

რაც შეეხება სიცოხლისუნარიანობას, ჰაერში 66 წუთის შემდეგ ვირუსის ნახევარი უფუნქციო ხდება. კიდევ 1 საათისა და 6 წუთის შემდეგ, ვირუსის 3/4 ფუნქციას კარგავს, თუმცა 25% სიცოცხლისუნარიანია.

"სტაბილურობის კვლევაში ორივე ვირუსი (ახალი კორონავირუსი და სარს-ი) მსგავსად იქცეოდა, რაც, სამწუხაროდ, ვერ ხსნის, თუ რატომაა COVID-19 (ახალი კორონავირუსი) უფრო ფართომასშტაბიანი დაავადება," - კვლევამ აჩვენა, რომ ორი ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა მსგავსია, თუმცა რატომ ავადდება ახალი კორონავირუსით გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ე.წ. სარს-ით? როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები შეიძლება ავრცელებდნენ ვირუსს მანამ, სანამ სიმპტომები აღმოაჩნდებათ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა თითქმის 200 ათასს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 82,779, ხოლო გარდაიცვალა 7,989 პირი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევა გამოვლინდა. კარანტინის რეჟიმში 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81.

კომენტარები