რუსული დეზინფორმაცია

Reuters: ევროკავშირის შიდა დოკუმენტის მიხედვით რუსეთი COVID-19-ზე დეზინფორმაციას ავრცელებს

Washington Post

დასავლურმა მედიამ მოიპოვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ მომზადებული 9-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც 16 მარტით არის დათარიღებული და ორგანიზაციის შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მასში ნათქვამია, რომ რუსული მედია დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას, რათა უნდობლობა და პანიკა დათესოს. დოკუმენტი პირველად The Financial Times-მა მოიპოვა. მას გაეცნო Reuters-იც.

დოკუმენტის მიხედვით დეზინფორმაციას ონლაინ ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე ავრცელებენ და იყენებენ ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, რათა ევროკავშირის ქვეყნებში პანდემიაზე სათანდო რეაგირება გართულდეს.

"რუსეთის სახელმწიფო მედიის და კრემლის მხარდამჭერი საშუალებების მიერ COVID-19-ზე წარმოებული მნიშვნელოვანი სადეზინფორმაციო კამპანია კვლავ გრძელდება. კრემლის დეზინფორმაციის მიზანია გაამწვავოს ჯანდაცვის კრიზისი დასავლურ ქვეყნებში და ეს თანხვედრაშია კრემლის ფართო სტრატეგიასთან, რაც ევროპული საზოგადოებების ჩამოშლას ემსახურება." ნათქვამია დოკუმენტში.

22 იანვრის შემდეგ ევროკავშირის ბაზაში დაფიქსირებულია ახალ კორონავირუსზე გავრცელებული დეზინფორმაციის 80 შემთხვევა. დოკუმენტში ნახსენებია კრემლის მიერ დაფინანსებული მედიის, Russia Today-ს ესპანურენოვანი სოციალური მედიის გვერდი, რომელიც გაზიარებების კუთხით იანვრიდან მარტის შუა რიცხებამდე კორონონავირუსზე ინფორმაციის ყველაზე პოპულარულ წყაროებში მეთორმეტე ადგილზე იყო.

ასევე მოყვანილია მაგალითი, როდესაც გავრცელდა ყალბი წერილი, რომელიც თითქოს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. უკრაინის მთავრობა ირწმუნება, რომ წერილი ქვეყნის გარეთ არის შექმნილი. დეზინფორმაციის ერთ-ერთ სამიზნეს იტალია წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ ექიმებს მოუწევდათ თავად გადაეწყვიტათ ვინ იცოცხლებდა და ვინ არა საავადმყოფოებში საწოლების ნაკლებობის გამო.

"პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის შემცველი მესიჯები ავრცელებენ ნარატივს, რომ კორონავირუსი ადამიანის შექმნილია და დასავლეთი მას იარაღად იყენებს." ნათქვამია ანგარიშში.

უწყებამ ინფორმაცია გაუზიარა სლოვაკეთსაც. ამ შემთხვევაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრს კორონავირუსი შეეყარა და სამიტებზე შეხვედრისას სხვა ოფიციალურ პირებს გადასდო.

ევროკომისია საკითხის შესასწავლად Google-თან, Facebook-თან, Twitter-თან და Microsoft-თან თანამშრომლობს.

კრემლი ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დოკუმენტში არ არის მოყვანილი კონკრეტული მაგალითები და დასახელებული არ არის კონკრეტული მედია საშუალებები.

"ჩვენ ვსაუბრობთ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც, ამ სიტუაციაში, სავარაუდოდ, ანტი-რუსული აკვიატების ნაწილია." თქვა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროკავშირი, აშშ, და სხვა დასავლური ქვეყნები თუ ორგანიზაციები რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში და მათ შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ, ხოლო კრემლი მასთან კავშირს უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პროფკავშირის "ექიმების ალიანსი" აქტივისტი და ექიმი ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ რუსეთში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. 

ვასილევამ "ექიმების ალიანსის" ოფიციალურ YouTube-არხზე ვიდეომიმართვა 10 მარტს გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად იტყუება კორონავირუსთან დაკავშირებით, ახლა თავიანთი უპასუხისმგებლო მოქმედებებით, ხელს უწყობენ კიდეც მის გავრცელებას. 

ოფიციალური მონაცემებით ამჟამად რუსეთში ახალი კორონავირუსით 147 ადამიანია ინფიცირებული.

კომენტარები