ირანი

ირანში ციხიდან გამოშვებულ 10 000 პატიმარს, მათ შორის პოლიტპატიმრებსაც შეიწყალებენ

ღოლამჰოსეინ ესმაილი

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, თეირანი, ირანულ ახალ წელთან დაკავშირებით, 10 000 პატიმარს, რომელთა ნაწილი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ციხიდან დროებით გაათავისუფლეს, შეიწყალებს.

"უზენაესი ლიდერის შეწყალების შემდეგ, იმ პატიმრების დიდი ნაწილის ციხეებში დაბრუნება, რომლებიც დროებით გაათავისუფლეს, აღარ იქნება საჭირო." განაცხადა ღოლამჰოსეინ ესმაილმა, ირანის სასამართლოს სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ შეწყალება ვრცელდება პოლიტპატიმრებზეც, რომელთაც 5 წელზე ნაკლები აქვთ მისჯილი.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანში გადატვირტული ციხეებიდან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით 85 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბოლო წლებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ასევე უცხოელები, მათ შორის ამერიკის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვედეთის, ნიდერლანდების და ლიბანის მოქალაქეები დააკავა. თეირანი უარყოფს რომ ადამიანებს პოლიტიკური მოტივების გამო აკავებს და უცხოელ პატიმრებს ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

ირანმა დაახლოებით 70 000 პატიმარი მარტის დასაწყისში გაათავისუფლა. მათ უმეტესობას 5 წელზე ნაკლები ვადით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მაშინ ირანში გაეროს ადამიანის უფლებების სპეციალურმა  მომხსენებელმა, ჯავიდ რეჰმანმა განაცხადა, რომ მან თეირანს გადატვირთული ციხეებიდან დროებით ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოსთხოვა, რათა კორონავისუსის გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ.

კვლავ ციხეებში რჩებიან ის პირები, ვინც ირანში ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს გასულ წელს დააკავეს.

აშშ-მა მოუწოდა ირანს, გაათავისუფლოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები და უცხოელები, რომელთაც ირანში ჯაშუშობა ედება ბრალად და ირანის გადატვირტულ  და დაინფიცირებულ ციხეებში იმყოფებიან.. აშშ-ის თქმით ირანის ციხეებში ნებისმიერი ამერიკელის სიკვდილზე ვაშინგტონი პირად პასუხისმგებლობას ირანის მთავრობას დააკისრებს.

უცნობია ზუსტად რამდენი ამერიკელი ჰყავს ამჟამად ირანს დაკავებული, თუმცა მათ სიაში არიან ბაქერ და სიამაკ ნამაზები, აშშ-ის არმიის ვეტერანი მაიკლ ვაითი და შესაძლოა მათ შორის იყო 2007 წელს გაუჩინარებული FBI-ს აგენტი რობერტ ლევინსონი.

ირანელმა ოფიციალურმა პირებმა კი აშშ-ს მოუწოდეს, მოხსნას 2015 წლის შეთანხმების დატოვების შემდეგ ხელახლა დაწესებული სანქციები. მათი თქმით ეს ქვეყანას ხელს უშლის ებრძოლოს კორონავირუსს და გაუმკლავდეს ეპიდემიას. თეირანმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ აშშ-ს სანქციების გაუქმებას.

ამჟამად, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამ 1,284-ს მიაღწია. ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა დაინფიცირების 18,407 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5,710 ადამიანი.

კომენტარები