კორონავირუსი საქართველოში

მეუფე ნიკოლოზი: სინოდი ერთ აზრზეა, ზიარების კოვზით ინფექციის გადადება გამორიცხულია

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზის თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება და სინოდში ამის თაობაზე "არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის". 

"მთელი დღე ვიმსჯელეთ, ზიარების წესთან დაკავშირებით ჩვენ ასე მიგვაჩნია, პირადად მე ასე მიმაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს," - უთხრა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ღვთისმსახურებაში "სასიკეთო ცვლილება" იქნება, რაც იმას გულისხმობს, რომ ტაძრები შეეცდებიან, მსახურება "გაახმოვანონ".

"ცვლილება იქნება სასიკეთო, ის რომ რეკომენდაცია გვექნება (ეს თანხებთანაა დაკავშირებული), რომ მოახერხონ გახმოვანება მსახურების, რომ არ იყოს სიმჭიდროვე, ჩვენი რეკომენდაციებია, დაიცვან ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. გახმოვანება იქნება და გარეთ შესაძლებელი იქნება მოსმენა," - ამბობს ის.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების 44 შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ზომებია მიღებული, მათ შორის დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სასწავლო დაწესებულებები, შეზღუდულია ან აკრძალულია მიმოსვლა და ავიაფრენები. დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, მთავარი რეკომენდაციაა აქაც სოციალური დისტანციის დაცვა და თავშეყრებისგან თავის არიდებაა.

დღეს, 20 მარტს, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის ოქმი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

კომენტარები