კორონავირუსი საქართველოში

ზიარების უცვლელი წესი, პანდემიის "სულიერი მიზეზი", რეკომენდაციები - რა წერია სინოდის ოქმში

Facebook/ საპატრიარქოს უწყებანი

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მიუხედავად, არც ზიარების წესი იცვლება და არც ღვისმსახურებები შეჩერდება.

სხდომის ოქმი, რომელშიც ეს გადაწვეტილებაა ასახული, წმინდა სინოდმა 20 მარტს მიიღო. ზიარების წესის და საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკის უცვლელად დატოვება ოქმში შემდეგნაირადაა განმარტებული:

"საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები - რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედების ადგილი არის ტაძარი.

ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი, ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა იზარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება.

ამიტომაც ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტნ წყაროზე, ყოვლად მიუღებელია".

წმინდა სინოდი 7 რეკომენდაციით შემოიფარგლა. ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა დამონტაჟდება ხმოვანი აპარატურა, რომ წირვის მოსმენა ეზოდანაც იყოს შესაძლებელი; დასაშვები იქნება ზიარებისას "დასაყოლებელი სასმელის" სხვადასხვა ჭურჭლიდან მიღება და სხვა.
 

სინოდის რეკომენდაციები სრულად:
 

  1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მართვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით;
     
  2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება;
     
  3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის, წყლიანი ღვინო, მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლიდან;
     
  4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში, სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება, ასევე სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები;
     
  5. დასაფასებელი საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ეკლესიის რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება, ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი. არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთ მხარდაჭერას. ეს იქნება ჩენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი;
     
  6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან. ყოველდღე ვთქვათ ლოცვები;
     
  7. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუმველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულება მზად არის, ითანამშრომლოს სახელწმიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები;




განჩინებაში ასევე ნათქვამია, რომ პანდემიის მიზეზი "ადამიანის ღვთისგან დაშორებაა":

"პირველ რიგში, გვმართებს გავანცობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები.მთავარი მიზეზი კი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევით, არამედ ღმერთი დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი. სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას.

ჩვენ ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში, აძლიერებენ მარხვას და ლოცვას."

 

-------

საბერძნეთის შემთხვევაში, წმიდა სინოდის მიერ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებას, რომელიც არ აკმაყოფილებდა ქვეყნის ჯანდაცვის დაწესებულებების მოთხოვნებს, საბერძნეთის მთავრობამ ღვთისმსახურებების შეჩერებით უპასუხა.

არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზიარებელი კოვზის დეზინფექცია დაიწყო მოსკოვის საპატრიარქომ, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კოვზი საერთოდ ამოიღო პრაქტიკიდან. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილმა ერისკაცებისთვის ლიტურგიაზე არდასწრების რეკომენდაცია გასცა.

საქართველის ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების შემდეგ, რომელმაც გამონაკლისების გარდა ყველა სახის ვაჭრობას კრძალავს, ეკლესია აგრძელებს ღვთისმსახურებების აღსრულებას, რაც ეპიდემიის გავრცელების რისკს წარმოქმნის.

კომენტარები