კათოლიკე ეკლესია საქართველოში

კათოლიკე მღვდლები საქართველოში მარტოები, ერისკაცთა თანდასწრების გარეშე წირავენ

0 კომენტარი
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ფოტო: ტაბულა

ამ კვირადღიდან მღვდლები აღავლენენ წმიდა წირვას მარტონი, მხოლოდ თითო-ოროლა ბერმონაზვნის თანდასწრებით (ბერმონაზონთა საკრებულოებში) - კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ დეკრეტი გამოსცა, სადაც ვკითხულობთ.

"საყვარელო დანო და ძმანო,

რამოდენიმე დღის წინ მოგწერეთ წერილი/დეკრეტი, ამ განსაკუთრებულ დღეებში კორონავირუსთან დაკავშირებით გასათვალისწინებელი მითითებებით. თუმცა ვშიშობდი, მაგრამ, არ მეგონა, რომ ასე მალე გახდებოდა საჭირო სხვა დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება.

სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამოქალაქო ხელისუფლებისგან მოწოდებული ცნობები გვაფიქრებს, რომ ეს მდგომარეობა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს და გართულდეს კიდეც. არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს რთული დროება, განსაცდელის ჟამი და როდის დაგვიდგება ნუგეშის დღეები, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგზურია ის მტკიცე რწმენა, რომელიც ნათელს ფენს დღევანდელობის წყვდიადს: ჩვენი ცხოვრება მამა ღვთის ხელთაა. მწადია ვაგრძნობინო ჩემი სიახლოვე მათ, ვინც ცხოვრობენ მარტოობასა და ავადმყოფობაში, მათ, ვინც უვლიან სნეულთ და იღვწიან ყოველთა ჯანმრთელობისათვის, ბერმონაზვნებს, რომელთა ცხოვრებაც ნაწილობრივ შეიცვლება, და მღვდლებსა და დიაკვნებს, რომელთათვისაც ესოდენ მტკივნეული იქნება სამწყსო მსახურების ჩვეულებრივი აღსრულების შეუძლებლობა.

კომპეტენტური სამოქალაქო ხელისუფლება, მოსახლეობის სიკეთისათვის და ამ პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად ითხოვს, განუსაზღვრელი დროით, მსხვერპლი გავიღოთ და არ შევიკრიბოთ, საკვირაო და ყოველდღიური წმიდა წირვისათვის. გვმართებს ერთმანეთი შევაგულიანოთ, რათა ყველამ ერთად დავიცვათ ის წესები, რასაც დაგვიდგენენ და ვიმოძრაოთ მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც განგვისაზღვრავენ. გვმართებს ვენდოთ ექიმთა და მეცნიერთა სიტყვას. ღმერთი გვესაუბრება და მიგვიძღვის მათი კომპეტენტურობის საშუალებითაც, რისი გათვალისწინებაც და დაცვაც ყოველი ხელისუფლის ვალია.

ხშირად საკვირაო წირვის დაწყებისას ბუნებრივად მომდიოდა ასეთი სიტყვები: „დავიწყოთ ეს წმიდა წირვა მამისადმი მადლიერი გულით, რაკი დღესაც მოგვმადლა ევქარისტიის აღსასრულებლად ერთად შეკრების ნიჭი. ეს უდიდესი ნიჭია, რაც ბევრს არ გააჩნია“. და აი, ცოტაოდენი ხნით ჩვენც არ გვექნება ეს მადლი და ვიმედოვნებ, რომ ყველასათვის გულსატკენი იქნება ეს დანაკლისი, რაც გვიბიძგებს უფლისადმი ლოცვისა და ვედრებისაკენ.

საყვარელო დანო და ძმანო, ამ კვირადღეს, 22 მარტს იქნება ბოლო კვირადღე, ერთად რომ ვიკრიბებით, შემდეგ მოგვიწევს ამ რთული პერიოდის დასასრულის ლოდინი. ვიმედოვნოთ და ვთხოვოთ ღმერთს, მოგვმადლოს პასექის დღესასწაულზე ერთად შეკრების სიხარული, თუმცა, დარწმუნებულნი არა ვართ, რომ ეს შესაძლებელი იქნება.

ამ კვირადღიდან მღვდლები აღავლენენ წმიდა წირვას მარტონი, მხოლოდ თითო-ოროლა ბერმონაზვნის თანდასწრებით (ბერმონაზონთა საკრებულოებში). ყველამ ვუწყით, რომ ყოველი წმიდა წირვა აღევლინება ყოველთვის სრულიად ეკლესიისათვის და მღვდელი შეავედრებს მამას მასზე მინდობილ ყოველ მორწმუნეს. მაშასადამე, ჩვენ ამ პერიოდში, თუმც კი არა ფიზიკურად, სახლში მსხდომთ, შეგვეძლება შევიგრძნოთ თანაზიარება პაპთან, ეპისკოპოსთან, ჩვენს წინამძღვართან და ჩვენი ადმინისტრაციის ყველა სხვა მორწმუნესთან.

ეჭვგარეშეა, რომ ეს პერიოდი, ეს ახალი მდგომარეობა მოითხოვს ჩვენგან მეტ პასუხისმგებლობას. არ უნდა დავიბნეთ, გვმართებს ვიპოვოთ ახალი და ლამაზი გზები უფალთან და ჩვენს საკრებულოსთან კიდევ უფრო მტკიცედ დასაკავშირებლად. ღმერთს სწადია, რომ გავიზარდოთ და მოვმწიფდეთ რწმენაში.

2020 წლის 16 მარტს გამოგზავნილ დეკრეტს კონკრეტულად დავურთავთ შემდგომს:

  • ყოველდღიურად ჩვენი ტაძრები იქნება ღია. შეძლებისდაგვარად საშუალება გვექნება, მივიდეთ პირადი ლოცვისათვის ტაბერნაკულუნმის წინაშე.
  • ყოველდღიურად სხვადასხვა საკრებულოდან, 18.00 სთ-ზე შეგვეძლება თვალყური ვადევნოთ წმიდა წირვას და მწუხრის ლოცვას ფეისბუკის საშუალებით: THE MEDIA OF THE CATHOLIC CHURCH-კათოლიკე ეკლესიის მედია- “SABAMEDIA”. (იხ. დანართი: მ. მიხაილ სურმავას წერილი). სხვა დღეებში შეგვეძლება თვალყური ვადევნოთ კატექეზებს (ოთხშაბათს), ადორაციას (ხუთშაბათს), ჯვრის გზას (პარასკევს) წმ. წირვის შემდეგ.
  • ყოველ ტაძარში და სამლოცველოში კარგი იქნება ავანთოთ კელაპტარი, რომელიც ენთება მუდამ ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხალხს დახვდება ლოცვის ტექსტი (იხ. საკათედროში ანთებული კელაპტარი)
  • წმიდა კვირისათვის შეგატყობინებთ შესაბამის განრიგს.
  • შეჩერებულია ყოველი შეხვედრა, კომისიების მუშაობა, სახლების კურთხევა, სნეულთა მონახულება, შინმოვლის სამსახური, კატექიზაციები და ა.შ. დარჩით სახლში!
  • ყოველი შეკითხვით მიმართეთ თქვენს წინამძღვრებს.

N.B. წმიდა მამამ გამოაცხადა საგანგებოდ სრული ინდულგენცია მათთვის, ვინც ამ პანდემიის მიზეზით მოხვდება საავადმყოფოში, ან კარანტინში, მედმუშაკებისათვის, იმ ოჯახის წევრებისათვის ვინც უვლიან სნეულებს და ყველა მორწმუნისათვის, თუკი სრულებით განდგომილნი ყოველი ცოდვისაგან ადევნებენ თვალყურს მასმედიის საშუალებით წმიდა წირვას, ილოცებენ წმიდა სავარდს და ჯვრის გზას, ჩვეული პირობების შესრულების სურვილით (როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ აღსარების საიდუმლო, ევქარისიტული ზიარება და წმიდა მამის განზრახვათათვის ილოცონ). მიმართეთ თქვენს მღვდლებს, დაწვრილებითი ახსნა-განმარტებისათვის.

უფალს შეგავედრებთ ყველას და ვითხოვ მისგან კვლავაც და მუდამ კურთხევას თქვენთვის! სიცოცხლის ღმერთმა მიიღოს ჩვენი მსხვერპლი და მოაქციოს ის სიცოცხლედ და სიჯანსაღედ ჩვენი ძმებისთვის. ყოველი ცოცხალი ადამიანია ღმერთის დიდება (წმ. ირენეოსი)! ამენ!", - წერია დეკრეტში.

..............

20 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი ზომები არ მიიღო- ღვთისმსახურებები არ შეჩერდება, ზიარების წესი არ შეიცვლება. 

წმიდა სინოდმა გვერდი აუარა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და არ გაითვალისწინა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ მიღებული დამატებითი ზომები.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები