კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: იდენტიფიცირებულია ბოლო ავადმყოფის 86 კონტაქტი, მაგრამ კიდევ მეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა კორონავირუსით ინფიცირების უკანასკნელ შემთხვევებზე.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის ბოლო ხუთი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა ამჟამად რთულია.

"4 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა და ვიცით, საიდან და როგორ. ერთი შემთხვევა არის საკმაოდ რთული და ავადმოყოფი დღეს იმყოფება მართვის სუნთქვაზე."

როგორც გამყრელიძე ამბობს, ზემოხსენებული პაციენტის 86 კონტაქტი უკვე გამოვლენილია, თუმცა მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. პაციენტი ამჟამად ერთ-ერთ მუნიციპალურ საავადმყოფოშია, სადაც კარანტინია გამოცხადებული.

"ჩვენგან დილას ბრიგადა იყო წასული ყველაზე გამოცდილი ეპიდემიოლოგებით, შესაბამისი რჩევა მიეცა ადგილობრივ მედპერსონალს. საავადმყოფო გადავიდა კარანტინის რეჟიმში. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და წარვუდგენთ სამინისტროს." - ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით დადასტურებულია COVID-19-ის 54 შემთხვევა. აქედან, 3 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და ისინი ორ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებენ. გარდა ამისა, თვითიზოლაციაში ამჟამად 2693 ადამიანია, ხოლო კარანტინში 2712. გამყრელიძის თანახმად, დაინფიცირებული 51 პაციენტიდან არც ერთის მდგომარეობაა კრიტიკული, თუმცა რამდენიმესი შედარებით მძიმეა.

 

კომენტარები